2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მლრდ ლარამდე დაიხარჯება

2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა 2500 პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ამასთან, მისივე თქმით, მხოლოდ მიმდინარე წელს მილიარდ 260 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო განხორციელდება.

”2500 პროექტი სტრატეგიულად გულისხმობს 1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, დამატებით 500 ათასი ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას. ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტას მთელ საქართველოში და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან პროექტს.

2500 პროექტისთვის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციას ვახორციელებთ. 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. მხოლოდ 2017 წელს მილიარდ 260 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო განხორციელდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას მხარში დგომისთვის”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ქვეყანას ახალ ინფრასტრუქტურას, ხოლო ხალხს ახალ სამუშაო ადგილებს და ფინანსურ უზრუნველყოფას მოუტანს.

”რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას? ახალ გზებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს გვირაბებს, ახალ შესაძლებლობებს. ეს მოგვიტანს ახალ 40 ათას სამუშაო ადგილს, მეტ დასაქმებულს და მეტ შემოსავალს, უფრო ძლიერ ქვეყანას. წარმოდგენილი დეტალური გეგმა საინტერესო და იმედის მომცემი იქნება ჩვენი ხალხისთვის. პროექტები დროშია გაწერილი”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.