“საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ” საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიზანიც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციის მიმართულებით კომპლექსური ნაბიჯების დაგეგმვაა.
“საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ” აღნიშნული ინიციატივები დღეს არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან განიხილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპლექსურ ნაბიჯებში შედის მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის შექმნა, შეფასებისა და გადამისამართების კომისიების ჩამოყალიბება, მკურნალობის სერვისების გაფართოება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების შექმნა.
“საკანონმდებლო ინიციატივები ასევე მიზნად ისახავს მოქმედი რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას, ამ მიზნით პლატფორმამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგი მიმართულებით: ყველა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების და მცირე ოდენობით შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზაცია, სისხლის სამართლებრივი სანქციების შემსუბუქება, ნარკოტიკული ნივთიერებების დოზების სამართლიანი განსაზღვრა, ღირსების შემლახავი იძულებითი ნარკოტესტირების ცვლილება, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება”, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელის ელენე ვერძეულის ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან შინაარსობრივ მხარეზე. ვერძეული იმედს გამოთქვამს, რომ ინიციატივა საკანონმდებლო წინადადებად იქცევა.