IMF-ს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებით კითხვები აქვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შესაძლო გადასვლის საკითხს "დიდი ყურადღებით შეისწავლის".

ამის შესახებ IMF-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, მასუდ აჰმედმა დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს გარკვეული შეკითხვები და ამ შეკითხვებს მთავრობასთან გამართული შხვედრების დროს დავსვამთ, რათა გავიგოთ, რაშია საქმე. მას შემდეგ, რაც ჩვენს შეკითხვებზე პასუხებს მივიღებთ, უფრო ზუსტად შევძლებთ ჩვენი პოზიციის ფორმულირებას," - განაცხადა მასუდ აჰმედმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შეკითხვები მთავრობასთან იქნება, თუ რატომ დადგა ამ სამსახურის რეორგანიზაციის საჭიროება და რატომ უნდა დაექვემდებაროს ის ფინანსთა სამინისტროს, ან როგორ იფუნქციონირებს უწყება რეორგანიზაციის შემდეგ. მასუდ აჰმედმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დღემდე ეს სამსახური თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა.

"ზოგადად, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომაა მსგავსი სამსახურების მიმართ, არ არსებობს ერთიანი მიდგომა, რომელიც ყველა ქვეყანას ერგება. თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება მნიშვნველოვანია, ოღონდ ინდივიდუალურად, კონკრეტული ქვეყნის მახასიათებლების შესაბამისად,"- დასძინა აჰმედმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყოფა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ონოფრიშვილმა კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უწყების რეორგანიზაცია არასასურველი შედეგის მომტანი იქნება, რაშიც კანონპროექტის ავტორებს დარწმუნებას შეეცდება.