„ჰიუნდაი“ და „კია“ 1.5 მილიონ ავტომობილს გაიწვევენ

„ჰიუნდაი მოტორი“ და „კია მოტორსი“  საერთო ჯამში, 1.5 მილიონ ავტომობილს გაიწვევენ უფასო რემონტზე.

გაწვევა ეხება ავტომობილებს, რომლებიც შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზეა გაყიდული. მიზეზი ძრავებთან დაკავშირებული პრობლემებია. ორივე კომპანიას გაწვევის ეს კამპანია ასეულობით მილიონი დოლარი დაუჯდება.

ბოლო პერიოდში ორივე ავტოკომპანიის გაყიდვები მსოფლიოს უდიდეს, ჩინურ ბაზარზე მკვეთრად დაეცა. ამერიკასა და სამხრეთ კორეაში კი მოთხოვნა აღარ იზრდება. პრობლემა ის არის, რომ მუშაობის დროს  ძრავი ქრება ხოლმე, რაც გარკვეულ სიტუაციებში საფრთხის შემცველიც კი შეიძლება იყოს.

ლაპარაკია სერია „თეტა2“ ძრავებზე, რომლებითაც აღჭურვილია „ჰიუნდაი სონატა“, „ჰიუნდაი სანტა ფე“, ასევე „კია ოპტიმა“, „კია სორენტო“ და „კია სპორტეჯი“. გაწვევის გეგმა უკვე შეთანხმებულია აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მარტო ამერიკის ბაზარზე გაწვევა დაახლოებით 1.3 მილიონ ავტომობილს შეეხება.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, იქ ორივე კომპანიას „მხოლოდ“ 171 000-ზე მეტი ავტომობილის უფასო რემონტი მოუწევთ. კამპანია თითოეულ კომპანიას დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დაუჯდება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ორ კორეულ კომპანიას, სერია „თეტას“ ძრავების გამო, ავტომობილების რემონტზე გაწვევა უწევთ. „ჰიუნდაიმ“ ამერიკის ბაზარზე 2015 წელს 470 000 ცალი „სონატა“ გაიწვია და მაშინაც მიზეზი ძრავის კომპონენტების დეფექტები იყო. „ჰიუნდაის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი პრობლემა ძველისგან განსხვავდება. მაგრამ სამხრეთ კორეული წყარო საპირისპიროს ამტკიცებს. პრობლემის არსი ისაა, რომ ძრავებში მეტალის ნაწილაკები ხვდება, რაც მუხლა ლილვის დაზიანებას და ძრავის გაჩერებას იწვევს.

ორივე კომპანიის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრობლემა არ არის ძრავის სტრუქტურასთან დაკავშირებული და მას წარმოების პროცესში არსებული გაუმართაობა იწვევს. ამასთან, დადგენილია პრობლემის მიზეზი და მის გამოსასწორებლად გეგმა უკვე შედგენილია. სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პრობლემური ძრავებია სერია „თეტა2 Gdi-ს“ 2.0 და 2.4-ლიტრიანი (ბენზინის) აგრეგატები, რომლებიც 2013 წლამდეა გამოშვებული.