რამდენიმე თვის წინ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სამინისტრო სხვადასხვა ცვლილებაზე მუშაობდა. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს: სასკოლო წიგნების წონის რეგულირებას, შუა კლასებში სასწავლო პროგრამის განტვირთვას და ელექტრონული სახელმძღვანელოების შემოღებას.
რა ეტაპზეა განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებები და როდიდან ამოქმედდება სამინისტროს ინიციატივები - AMBEBI.GE განათლების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს ესაუბრა.
- სამინისტრომ გრიფირების ახალი წესის შემუშავების ფარგლებში სახელმძღვანელოების წონის შემსუბუქების მიზნით გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორც სახელმძღვანელოს შინაარსთან, ისე ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებაში. კერძოდ: შევიმუშავეთ დაწყებითი კლასების ახალი სასწავლო პროგრამები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად - ახალი ტექნიკური პარამეტრები (შრიფტის ზომა, მანძილი სტრიქონებს შორის, ქაღალდის მასა, გარეკანი და სხვა.) და რეკომენდაცია მშობლებისა და სკოლებისათვის, ჩანთის მაქსიმალურ წონასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, დავგეგმეთ სახელმძღვანელოების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობის ღონისძიებები. სიახლეა ისიც, რომ მოსწავლეს სკოლაში ყველა სახელმძღვანელოს ტარების საჭიროება და ვალდებულება აღარ ექნება. ამისთვის მათ ელექტრონულ სახელმძღვანელოებს შევთავაზებთ. მოსწავლეს შეუძლია სახელმძღვანელო დატოვოს სახლში და ელექტრონული სახელმძღვანელოთი ისარგებლოს, თუმცა თუ ის გადაწყვეტს სახელმძღვანელოს ტარებას, რადგან მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ბეჭდური რესურსებით სწავლა, მაშინ წიგნის წონა რეგულირდება ზემოთქმული წესით.
აღსანიშნავია, რომ წონის შემსუბუქების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, ასევე, არის სახელმძღვანელოს რამდენიმე ნაწილად დაყოფა, რაც გრიფირების წესით იქნება დაშვებული და გავრცელდება მოცულობითი სახელმძღვანელოებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი სტანდარტების შესაბამისად, საჭირო იქნება უფრო მეტი მასალის შეტანა სასკოლო სახელმძღვანელოებში, ავტორებს მოეთხოვებათ სახელმძღვანელოს რამდენიმე ნაწილად დაყოფა ისე, რომ თითოეული ნაწილი არ იყოს სტანდარტით განსაზღვრულ წონაზე მეტი.
ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან, როდესაც განვახორციელებთ დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების დანერგვას, ჩვენს მოსწავლეებს სრულად მოეხსნებათ სახელმძღვანელოების წონის პრობლემა.
- მინისტრის თქმით, ელექტრონული სახელმძღვანელო იქნება ნებაყოფლობითი…
- სახელმწიფოს მიდგომაა, რომ ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად დაიწყოს ელექტრონული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის შექმნა მათი ანალოგი ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაბეჭდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ჩაანაცვლებს ელექტრონული სახელმძღვანელოები, არამედ საუბარია მოსწავლისა და მისი მშობლის შეხედულებით ფორმატის არჩევაზე. სახელმწიფო მათ შესთავაზებს შესაძლებლობას, არჩევანს კი თავად ბავშვი და მშობელი გააკეთებს, თუ რომელი უკეთესი და მისაღები იქნება მათთვის. არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც გვეუბნება, სხვადასხვა ასაკში ჯანმრთელი თვალის მქონე ბავშვისთვის როგორი შეიძლება იყოს მაქსიმალური დრო, რომელსაც კომპიუტერის ეკრანთან გაატარებს, მაგრამ მოგეხსენებათ, თითოეული ბავშვი არის ინდივიდუალური, აქვს განსხვავებული შესაძლებლობა, ზოგი ნაბეჭდი დოკუმენტიდან უკეთესად აღიქვამს, ზოგი ელექტრონულიდან და ა.შ. ამიტომ ამას გადაწყვეტს ბავშვი და მშობელი, მისთვის რომელი იქნება უკეთესი.
- კიდევ ერთი ცვლილება შუა კლასებში სასწავლო პროგრამის განტვირთვაა, ეს რას გულისხმობს?
- გადაწყვეტილება, რომ საბაზო საფეხურზე სასწავლო პროგრამები განიტვირთოს, უკვე მიღებულია. საუბარია მე-7, მე-8 და მე-9 კლასებზე. ამ გადაწყვეტილების მიზანი გახლავთ სწავლა-სწავლების მაღალ შედეგზე ორიენტაცია, რომ მოსწავლეებს ახალი მასალის გააზრების და განმტკიცების საშუალება ჰქონდეთ, ხოლო მასწავლებელს დრო, რომ მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებელი საინტერესო და სახალისო გაკვეთილები ჩაატაროს.
ასევე, მასწავლებელს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომის საშუალება უნდა დავუტოვოთ.
დღეს პროგრამები იმდენად გადატვირთულია, რომ გარკვეულწილად, მასწავლებლების უმრავლესობა იძულებულია ორიენტირებული იყოს პროგრამის მოსწრებაზე და მოსწავლის შედეგზე, ასეთ დროს ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, ამჟამად მიმდინარე საბაზო საფეხურის გადამუშავების პროცესში მაქსიმალურად ხდება პროგრამის ოპტიმიზაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსია თითქმის დასრულებულია. როგორც კი დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს, მას საჯარო განხილვისთვის გამოვიტანთ და გაცნობის საშუალება ექნებათ როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს და მათგან უკუკავშირის სახით მივიღებთ ნებისმიერ რეკომენდაციას.
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამები განიტვირთება, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ რომელიმე საგნის შინაარსიდან არსებითი ნაწილები ამოვარდება და პროგრამის თანმიმდევრულობას საფრთხე შეექმნება. იხილეთ გაგრძელება