ნავთობის ფასი გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი, OPEC-ის ქვეყნებსა და კარტელში არშემავალ სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს მიწოდების შეზღუდვის პაქტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

დღეს დილით „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 20 ცენტით, ანუ 0.36 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 56.43 დოლარს მიაღწია, რაც მარტის დასაწყისის შემდეგ უმაღლესი ფასია. აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 18 ცენტით, ანუ 0.34 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 53.58 დოლარს მიაღწია.

თუ დღეს ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო დღე, როცა ფასი მატულობს. ნავთობის ბაზარზე ასეთი გრძელი ტრენდი, შარშანდელი აგვისტოს შემდეგ არ დაფიქსირებულა. თუმცა, მაშინდელი ექვსდღიანი აღმასვლის დროს, ფასი 17.5 პროცენტით გაიზარდა, ამჯერად კი ზრდა 6 პროცენტის ფარგლებშია.

ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, საუდის არაბეთის განწყობაა. ეს ქვეყანა, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC), დე-ფაქტო ლიდერია და ის, „უოლ სტრიტ ჯორნლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კარტელის სხვა წევრ და არაწევრ ექსპორტიორ ქვეყნებს, ნავთობის მოპოვების შეკვეცის პაქტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ეს პაქტი 2017 წლის პირველ ნახევარში მოქმედებს და ჯამში მიწოდების 1.8 პროცენტით შეკვეცას ითვალისწინებს. მისი მიზანი ისაა, რომ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის არსებული დისბალანსი გათანაბრდეს.

საბროკერო კომპანია „ოანდას“ სინგაპურის ოფისის ანალიტიკოსი ჯეფრი ჰილი ამბობს, რომ საუდის არაბეთის პოზიცია ნავთობის ფასის ფორმირებაზე ყველაზე შესამჩნევ გავლენას ახდენს. და შესაბამისად, როცა საუდის არაბეთი პაქტის გაგრძელების დაინტერესებას ავლენს, ეს ამ ნედლეულის ფასზე დადებითად აისახება.

ინვესტორები შიშობენ, რომ ნავთობის ბაზარზე, მიწოდება კვლავაც მოთხოვნაზე მეტი იქნება. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისევ საუდის არაბეთია, რომელიც იმის შიშით, რომ მის ძირითად ბაზარზე, როგორიცაა აზია, ბაზრის წილი შეუმცირდება, საუდის არაბეთი იქ მიწოდებას ძველ დონეზე ინარჩუნებს. პარალელურად, იზრდება წარმოება და მასთან ერთად ინვესტიციები აშშ-ის ფიქალური ნავთობის მოპოვებაში.

ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვება მომავალ წელს, 9.9 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. ეს მაშინ, როცა ამჟამად მოპოვება 9.22 მილიონს შეადგენს. იმავე ადმინსტრაციის პროგნოზით, მომავალ წელს მოთხოვნა 340 000 ბარელით გაიზრდება. ეს კი გაზრდის ამერიკაში მოპოვებული ნავთობის ექსპორტს ან ქვეყნის ნავთობმარაგებს.