დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციას დაესწრო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდ დიღომში, ახალი მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ შემადგენლობას მოემსახურება.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით 2016 წლიდან ახორციელებს თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროექტს (,,თბილისის ავტობუსების პროექტი"), რომლის მიზანია ავტობუსების პარკის განახლება ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსებით.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, EBRD-ს და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის (E5P) ყველა დონორს ფონდში შეტანილი წვლილისა და პროექტების მხარდაჭერისთვის და ასევე, მზაობისთვის მხარი დაუჭირონ საქართველოში ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, რაც არის საჩუქარი და ევროკავშირის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აღნიშნულ პროექტში.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ, EBRD-ის და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის მხარდაჭერით, შეძლო თბილისისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი MAN-ის 143 ავტობუსის შეძენა, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და აღჭურვილია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე ძრავებით, რაც შედარებით მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს და არის სრულიად უსაფრთხო.

„აღნიშნული მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტის მხრივ და დარწმუნებული ვართ, რომ გაზრდის თბილისში ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, რომ ქალაქში რეალურად დაიწყოს რეფორმები ტრანსპორტის მიმართულებით, რათა უფრო მეტად განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოხდეს ჩვენი მოსახლეობის უკეთესი ხარისხით მომსახურება.

პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. ოფიციალური მისალმებების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა ავტობაზის მშენებარე ობიექტი დაათვალიერეს. 6 ჰა-ზე მდებარე ავტობაზის კომპლექსის მშენებლობა 13 მლნ ლარის ფარგლებში დაჯდება.

სამინისტროს ცნობით, ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმურ შეკეთებას.