ახალი, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
ობიექტი დაათვალიერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბრუნო ბალვანერამ, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ობიექტზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 6 ჰექტარ მიწის ფართობზე მდებარე, 377 ავტობუსზე გათვლილი ბაზა, მაისის ბოლოს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილ 143 MAN-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს.
გარდა ამისა, 15 აპრილიდან 5 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი N9 სამარშრუტო ხაზზე დაინიშნება. N9 ავტობუსი ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობს.
ამ დროისათვის თბილისში სულ MAN-ის მარკის 40 ახალი ავტობუსი 61, 51, 37 და 87 ნომერ მარშრუტებზე მოძრაობს. თბილისის მერიის მიერ შეძენილი 143 ავტობუსი უკვე თბილისშია.
მერიის ინფორმაციით, ბაზაზე პროექტით გათვალისწინებულია ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც ავტობუსების სრული ციკლით მომსახურებისთვის არის საჭირო: ფარეხები, მომსახურების ცენტრები, სამრეცხაოები, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ავტობაზა ადაპტირებული იქნება როგორც დიდი, ასევე საშუალო გაბარიტების ავტობუსების მომსახურებაზე.
შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ დაკვეთით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგი“ აწარმოებს. მშენებლობა გასული წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება მიახლოებით 19 მლნ ლარია.
„ახალი ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 143 ახალი ავტობუსი უკვე თბილისშია. ახლა მიმდინარეობს გადახდის სისტემის დამონტაჟება იმ სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებიც უახლოეს მომავალში, უკვე კონკრეტულ ხაზებზე უნდა გავუშვათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნაწილი რეალიზებულია - ქალაქში უკვე დადის MAN-ის ავტობუსები, მეორე ნაწილიც მალე შეემატება. ავტობაზა, ჯამში, უფრო მეტ ავტობუსზეა გათვლილი. მალე დავიწყებთ ავტობუსების შემოყვანის მეორე ეტაპს, რაც გულისხმობს შედარებით უფრო პატარა გაბარიტების ავტობუსების შესყიდვასა და მიღებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ცნობით, მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.