ყავა ველოსიპედზე თინეიჯერი სტარტაპერისგან

19 წლის ცოტნე ყალიჩავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტია.

თუმცა სტუდენტობა მხოლოდ დღის მეორე ნახევრამდე გრძელდება. შუადღის შემდეგ ის უკვე მცირე ბიზნესმენია. მიუძღვება ველოსიპედს, რომელზეც ქვიშის ყავის მოსამზადებელი აპარატია დამონტაჟებული და მსურველებს ახლადმოდუღებულ ყავას სთავაზობს. გვიან ღამით კი ცოტნე სტუდენტობას უბრუნდება და შემდეგი დღის ლექციებისთვის მეცადინეობს.

”ყავა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მინდოდა, რომ ჩემი ბიზნესით ამ თემის ირგვლივ მეტრიალა. დაკვირვების შემდეგ ვნახე, რომ ქალაქში ყავა ქვიშაზე დიდი რაოდენობით არ გვაქვს. ყველაზე საინტერეო ველოსიპედის ეპიზოდი გამოდგა. საქართველოში არ არსებობს კონცეფცია ”ბიზნესი ველოსიპედზე” და მეც სწორედ ასეთ ფორმით გადავწყვიტე საქმიანობის დაწყება. უცხოეთში ხშირია ველოსიპედზე დამონტაჟებული ყავის აპარატი, მაგრამ არსად მინახავს ველოსიპედზე ქვიშის აპარატი,” - განმარტავს ცოტნე ყალიჩავა.

თინეიჯერი სტარტაპერისთვის ველოსიპედისა და ყავის ბარის საქართველოში ყიდვა შეუძლებელი იყო. გამოწერა ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ცოტნემ ნათესავის დახმარებით თავად გადაწყვიტა მისი შექმნა. მათ მოიძიეს ნახაზები და სახელოსნოში დაიწყეს მოწყობილობის აწყობა.

”ძირითადი და მთავარი პროდუქტი არის თურქული ყავა, რომელიც ახლადდაფქვილი მარცვლებისგან მზადდება. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობ ჩაისაც. პირველი შთაბეჭდილება, რაც მომხმარებელს უჩნდება არის გაკვირვება, თუ როგორ შეიძლება ველოსიპედზე ასეთი რაღაცის გაკეთება. ტურისტების დიდ აღფრთოვანებას და მოწონებას იწვევს ჩემი იდეა,” - ამბობს ცოტნე.

ცოტნემ ბიზნესის დაწყება აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით შეძლო. ერთი წლის წინ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში დაიწყო სიარული, რომელიც კრისტალ ფონდის USAID- ის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მათი ტრენინგების მერე წარადგინა ბიზნეს გეგმა, რომლის პირველი პრეზენტაციაც ფონდის წარმომადგენლებთან ქონდა, მეორე კი აშშ-ის საელჩოში ამერიკული ბიზნეს სექტორის წამომადგენლების წინაშე. სწორედ მათგან მოიპოვა დაფინანსება და დაიწყო ბიზნესსაქმიანობა, რომელიც 19 მარტიდან მსურველებს ახლადმოდუღებული და გემრიელი ყავით ანებივრებს.

იხილეთ ინგლისური ვერსია: Coffee on bicycle - 19-year-old Georgian student's successful business