თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ ”ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკში“ ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.
როგორც მერია იუწყება, დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან „თიბისი ბანკის“ სამ ფილიალში შეძლებენ: ჭავჭავაძის N11-ში, მარჯანიშვილის N 7-ში და წერეთლის N 117-ში.
მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ”ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.
მათივე ცნობით, თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა.