კიევში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TMTM) შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც „საქართველოს რკინიგზა“ იუწყება, ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის დმინისტრაციების ხელმძღვანელები: კანატ ალპისბაევი, ვოიცეხ ბალჩუნი, ჯავიდ გურბანოვი და მამუკა ბახტაძე 11 აპრილს უკრაინის პრემიერ მინისტრს ვლადიმერ გროისმანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს.
უკრაინის პრემიერ მინისტრმა და რკინიგზების ხელმძღვანელებმა TMTM-ს, ევრაზიის როგორც პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობასა და მისი პოტენციალის გამოყენების საჭიროებას ხაზი გაუსვეს. ასევე შეხვედრაზე ითქვა, რომ არსებული მიმართულებით ტვირთის მოზიდვის საქმიანობის აქტივიზაციაა საჭირო.
მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა TMTM-ს პროექტის ფარგლებში, მარშრუტის გეოგრაფია გაიზარდოს და ევროკავშირის ქვეყნებზე გასვლა მოხდეს. მათი განცხადებით, სატრანსპორტო მომსახურების მომხმარებელთათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა, დერეფანში კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. კერძოდ, გადამზიდავებისათვის კომპლექსური მომსახურების მიწოდება - სატვირთო გადაზიდვებისას სავალდებულო პროცედურების ოპტიმიზება, უნიფიცირება და ,,ერთი ფანჯრის,, პრინციპის რეჟიმში მომსახურება.
ასევე, შეხვედრაზე TMTM-ს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში ,,დასავლეთი - სამხრეთი,, და ,,ჩრდილოეთი - სამხრეთი“ სატვირთო გადაზიდვების ნაკადის ზრდის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს შესაბამის პროტოკოლს ხელი მოეწერა.