“ყოველთვის, როცა ლამაზი ბიუსტჰალტერი გაცვია, გგონია, რომ 5 სანტიმეტრით მაღალი ხარ, 5 კილოგრამით გამხდარი და 5-ჯერ უფრო ლამაზი. და ეს ასეცაა. ეს არის თავდაჯერებულობა. როდესაც შენთვის მნიშვნელოვანია, რა გაცვია ტანსაცმლის ქვეშ, ნიშნავს, რომ საკუთარ თავს პატივს სცემ”, - ამბობს ხელნაკეთი თეთრეულის შემქმნელი ნატა ტაბიძე.
ნატა ტაბიძე ჟურნალისტია, რომელმაც ერთ დღეს სტარტაპი ჩამოაყალიბა და ხელნაკეთი ბიუსტჰალტერების - ”ნატაშა” შექმნა დაიწყო. მალე მომხმარებელი ტრუსების პირველ კოლექციასაც იხილავს. სამომავლოდ კი ნატა წინდების და ხალათების შექმნასაც გეგმავს.
„მინდა, რომ ბიუსტჰალტერები მოვუხდინოთ ტანსაცმელს და არა პირიქით. მინდა, რომ ეს სილამაზეები ჩანდეს და ყურადღებას იქცევდეს. მინდა, რომ თქვენი ტემპერამენტი, ქალურობა და ხასიათი ამითაც გამოხატოთ. მინდა, რომ აღმოიფხვრას ხორცისფერი, არაფრისმთქმელი ბიუსტჰალტერები და ყველა ქალს ეცვას ძალიან ლამაზი თეთრეული. ეს არის მთელი გულით და ემოციით შექმნილი თეთრეული ქალებისთვის. ვფიქრობ, რომ ყველა ქალი იმსახურებს ძალიან ლამაზ და მიმზიდველ თეთრეულს”, - ნატა ტაბიძე.
საქმიანობის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ბაზარზე პირველი კოლექცია გამოჩნდა. ამ ეტაპზე „ნატაშას“ შექმნაზე ორი ადამიანი - მქარგველი და მკერავი არიან დასაქმებული. ქარხნული მხოლოდ ბიუსტჰალტერის ჭიქებია, მისი დანარჩენი ნაწილი ჯერ ხელით იკერება, შემდეგ ასევე ხელით იქარგება.
”ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბიუსტჰალტერები. ყველამ იცოდა, რომ მთელ ჩემს ხელფასს ამაში ვხარჯავდი ხოლმე. ბოლოს გადავწყვიტე მე თვითონ გამეკეთებინა უნიკალური ბიუსტჰალტერები. ბაზარზე იმდენად დიდი და კარგი არჩევანია, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხი იყო. თუმცა გამოხმაურება იმდენად დიდია, რომ ვხვდები, ”ნატაშები” საკმაოდ მოწონებას იმსახურებს,” - ამბობს ნატა.
„ნატაშას“ დამფუძნებელი ყველას ურჩევს განავითარონ საკუთარი უნიკალური იდეები და სიახლეების არ შეეშინდეთ. მისი თქმით, მთავარია მონდომება და შრომა და ყველა მიზანი მიღწევადია.