რომაული ტურიზმის ერთ-ერთმა უმთავრესმა ტრადიციამ - ტრევის შადრევანში ხურდის გადაყრამ - ქალაქს წლის განმავლობაში 1 400 000 ევროს შემოსავალი მოუტანა.როგორც იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, თანხა მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ს ჩაერიცხა, რომელიც უსახლკაროებისა და ღატაკებისთვის უფასო სუპერმარკეტის პროექტზე მუშაობს, ასევე ორიენტირებულია უფასო სასადილოებზე.
ტრევის შადრევანში მოგროვებული თანხა 100 ათასით მეტია, ბოლო სტატისტიკურ მონაცემებზე - 2013 წელს ამოღებულ თანხაზე.
იტალიური გამოცემის ცნობით, ტრევის შემოსავლები აღემატება რომის მუზეუმის მოგებას, რომელმაც წლის განმავლობაში 1,1 მილიონი ევრო შეადგინა.
იტალიის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდი შადრევანი უცვლელად იზიდავს ტურისტებს. რიტუალური წესის თანახმად, თუ შადრევანში ზურგით, მარჯვენა ხელით ისვრით მონეტას, რომში აუცილებლად დაბრუნდებით.
როგორც ირკვევა, შადრევანში ტურისტები ძირითადად ევროს მონეტებს ყრიან, თუმცა ასევე ხშირად შეინიშნება ავსტრალიური დოლარებიც. როგორც Caritas-ის განცახდებაშია ნათქვამი, შადრევანში ტურისტები ასევე ყრიან მედალიონებს, რომლებზეც გამოსახულია ღვთისმშობელი, რომის პაპი ფრანცისკე, ასევე გასაღებებს, ურდულებს, სამაჯურებსა და მზის სათვალეებს.
ტრევის შადრევანი არა მხოლოდ რომის ყველაზე დიდი, არამედ იტალიის ყველაზე დიდი შადრევანიცაა, მისი სიგანე 20 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე ცენტრში 26 მეტრს. შადრევანი 2015 წელს რესტავრაციის შედეგად განახლდა.
კოკა კვირკველია