საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა.
ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა.
მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე საათის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა. ეს არის ძალიან ინტენსიური, მძიმე მუშაობის შედეგი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასწია ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით. ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომელსაც ჩვენ ვაანონსებთ და უკვე ვახორციელებთ 4-პუნქტიანი პროგრამის, განსაკუთრებით, სივრცითი განვითარების მიმართულებით. ამ პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს იმას, რომ მომავალ სამ წელიწადში ყველა იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მწვანე შუქი ანთებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ეს განხორციელდება და რეალობა გახდება საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე. ასევე მინდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის ძალიან კარგი და კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სახეზეა - როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული მაჩვენებლები ძალიან დადებითია და სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის პოზიტიური სიგნალი ყველა იმ პორტფელური ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებაზე მუშაობს.