ე.წ. ჭიაკოკონობაზე ნარჩენების ღია წესით დაწვაზე 13 გამოძახება დაფიქსირდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ჭიაკოკონობაზე ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვასთან დაკავშირებით, გუშინ ღამით 13 გამოძახება დაფიქსირდა.

თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მოქალაქეთა დაჯარიმება არცერთ შემთხვევაში მომხდარა.

მათივე ცნობით, გამოძახებებიდან ყველაზე მეტი - 11 გამოძახება იყო თბილისში, 1-1 კი კასპსა და რუსთავში.

„დედაქალაქში ყველაზე ცხელი წერტილი ფანასკერტელის ქუჩა იყო, სწორედ იქ შემოვიდა ყველაზე მეტი ზარი. რაც შეეხება ჯარიმებს, მოქალაქეთა დაჯარიმება არ მომხდარა. ამის ერთი მიზეზი იყო ის, რომ ცეცხლს ანთებდნენ ბავშვები, რომლებზეც ადმინისტრაციული სანქცია არ ვრცელდება, ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ ყველა წერტილზე მოხდა საბურავების გატანა და ცეცხლის ჩაქრობა,“ - აღნიშნეს უწყებაში.

მათივე ცნობით, გასულ წელთან შედარებით გამოძახებები შემცირებული იყო. 2016 წელს ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით, 70-მდე გამოძახება იყო დაფიქსირებული.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გუშინ, 12 აპრილს ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და 200-დან 500 ლარამდე გამოიწვევს დაჯარიმებას.