ბილ გეიტსი გარდა საკუთარი სახელგანთქმული ბიზნესისა, ცნობილია ლიტერატურის სიყვარულითაც. ბავშვობაში სრულად წაუკითხავს თავისი მშობლების მსოფლიო ენციკლოპედია ანბანის მიხედვით. წიგნებისგან მისი მოწყვეტა იმდენად რთული ყოფილა, რომ მისმა მშობლებმა შემოიღეს საოჯახო წესი: არანაირი წიგნი სადილის დროს. ბილ გეიტსი ზრდასრულ ასაკშიც გამოირჩევა წიგნების სიყვარულით და პერიოდულად სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას თავისი რჩეული წიგნების შესახებ. ეს წიგნები კი ყოველთვის მრავალფეროვანია და მოიცავს თემებს პოლიტიკიდან, ბიზნესიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და ა.შ. „არასდროს მიგრძვნია, რომ სწავლის შესაძლებლობა მაქვს ისე ძლიერად, როგორც დღეს. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, საკუთარი ძალებით ცოდნის შესაძენად მცირე არჩევანი იყო. ჩემს მშობლებს ჰქონდათ მსოფლიო ენციკლოპედიის მრავალტომეული, რომელსაც მე ანბანის მიხედვით ვკითხულობდი. მაგრამ იმ დროს არ არსებობდა ონლაინ კურსები, ვიდეო ლექციები, პოდკასტები, რომლებიც ახალ იდეებსა და მოაზროვნეებს გამაცნობდა და რისი საშუალებაც დღეს გვაქვს“, - წერს ბილ გეიტსი.
წარმოგიდგენთ რამდენიმე წიგნს, რომელთაც ბილ გეიტსი ურჩევს იმ მკითხველს, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროთი და სურს, რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ფლობდეს თითოეულზე. რამდენიმე მათგანი გამომცემლობა პალიტრა L-მა უკვე ქართულადაც გამოსცა.
დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“
ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ძლიერმა ნოვატორულმა PR კამპანიებმა ხელი შეუწყო თანამედროვე პოპულარული კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. მსოფლიოს უდიდესი მარკეტინგული საკომუნიკაციო ჯგუფის, „WPP“-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ სორელის წინასიტყვაობით, წიგნი „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ მოგვითხრობს მსოფლიოს 9 გადამწყვეტი კამპანიის შესახებ და არკვევს, თუ რა გახდა მათი წარმატების მიზეზი. ავტორი იკვლევს მათ სტრატეგიებსა და ტაქტიკას, იმ სურათებსა და ხატებს, რომლებიც მათ შექმნეს და ძლიერ პიროვნებებს, რომლებიც მათ უკან იდგნენ. თითოეული თავი წამოადგენს თემის ჩაღრმავებულ კვლევას (მაგალითად, „Dove“-ის ნამდვილი სილამაზის კამპანია, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები) და გვთავაზობს თანამედროვე PR ტექნოლოგიებისა და მათი ისეთ კულტურულ კერპებთან კავშირის დეტალურ ანგარიშს, როგორებიც არიან სამეფო ოჯახი, მარგარეტ ტეტჩერი, დევიდ ბექჰემი, როლინგ სტოუნზი და ისეთ მნიშვნელოვან ამბებთან, როგორიცააა ბარაკ ობამას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია.
დევიდ ფოსტერ უოლესის „სიმების თეორია“
ამ წიგნს არაფერი აქვს საერთო ფიზიკასთან, თუმცა თუ მას მატარებელში და თვითმფრინავში წაიკითხავთ, მისი სახელწოდების გამო, უდაოდ სუპერ-ჭკვიანი გამოჩნდებით. „სიმების თეორია", რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩოგბურთის შესახებ უოლესის მიერ დაწერილი ხუთი საუკეთესო ესსეს კრებულია. ეს ის სპორტია, რომელსაც ბილ გეიტსმა თავი მაიკროსოფტში მუშაობისას დაანება და ახლა ისევ დიდი გატაცებით მისდევს. არ არის აუცილებელი, თამაშობდეთ ან, თუნდაც, უყურებდეთ ჩოგბურთს, რომ ეს წიგნი მოგეწონოთ. გარდაცვლილი ავტორი ისე ოსტატურად იყენებდა კალამს, როგორც როჯერ ფედერერი - ჩოგანს. ამ ნამუშევარშიც, ისევე, როგორც სხვა წიგნებში, უილესმა იპოვა არაერთი გზა, საოცრად მოდრიკოს და დაიმორჩილოს ენა. „ადამიანებისთვის, რომელთაც სურს მეტი გაიგონ სპორტის სამყაროზე, ეს წიგნი ნამდვილი აღმოჩენაა“, - წერს ბილ გეიტსი
ჯონ კინგის “ლიდერობის ხელოვნება“
ყოველი კომპანია წარმოადგენს ტომს, ხოლო თუ ის დიდია, მაშინ 150-მდე ადამიანისგან შემდგარი ტომების ქსელს, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ და ურთიერთობენ. ეს ტომები უფრო ძლიერია, ვიდრე გუნდები, კომპანიები და თავად აღმასრულებელი დირექტორებიც კი. ორ ათეულზე მეტ კორპორაციაში 24 000-მდე ადამიანის 10 წლის განმავლობაში ზედმიწევნითი შესწავლის შედეგად, ლოგანმა, კინგმა და ფიშერ-რაითმა დააზუსტეს და განსაზღვრეს საერთო თემატიკა: კომპანიის წარმატება დამოკიდებულია მის ტომებზე, ტომების ძალას განსაზღვრავს ტომობრივი კულტურა, წარმატებული კორპორატიული კულტურა კი ტომის ეფექტიანმა ლიდერმა უნდა დაამყაროს. იმ ლიდერებისთვის, მენეჯერებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ვერ გაუგებენ თავიანთ ტომს და ვერც მათ მოტივირებასა და გაზრდას მოახერხებენ, თანამედროვე ბიზნესის დანაწევრებულ სამყაროში წარმატების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება.
ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“
ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“ დროის მენეჯმენტისა და პირადი პროდუქტიულობის ინდუსტრიის მთავარი იდეებისა და ტექნიკათა ნაზავია. წიგნი აღწერს დროის არაეფექტურად ხარჯვის დაძლევის არაერთ გზას და ამ ტექნიკებს ადამიანებისთვის მარტივად ხელმისაწვდომად წარმოაჩენს. თხრობა უმარტივესი ტერმინებით მიმდინარეობს, წიგნში ვერსად წააწყდებით ჟარგონებს ან მეცნიერულ კვლევებს არგუმენტების გასამყარებლად. ყველა რჩევა ავტორის პირადი გამოცდილებიდან მოდის და წიგნის მთავარი ფოკუსიც სწორედ მყისიერი და ეფექტიანი გზების ძიებაა.
არჩი ბრაუნის „მითი ძლიერი ლიდერის შესახებ“
ბოლოდროინდელმა დაუნდობელმა საარჩევნო ბრძოლებმა უბიძგა ბილ გეიტსს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის მიერ 2014 წელს დაწერილი ეს წიგნი მკითხველისთვის ერჩია. იგი 50 წლის განმავლობაში სწავლობდა პოლიტიკური მართვის ტიპებს - კარგს, ცუდსა და მახინჯს. ბრაუნი გვიჩვენებს, რომ ლიდერები, რომლებსაც ისტორიაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ, ძირითადად, არ არიან ისინი, ვისაც ჩვენ „ძლიერ ლიდერებად" მივიჩნევთ. პირიქით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თანამშრომლობენ სხვებთან და აცნობიერებენ, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე. ბრაუნი ვერ იწინასწარმეტყველებდა, როგორი რეზონანსი მოჰყვებიდა მის წიგნს 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისას.
გრეთჩენ ბაქეის „ქსელი“
ეს წიგნი არც მეტი არც ნაკლები, ჩვენი დაძველებული ელექტროქსელის შესახებ მოგვითხრობს და ის ბილ გეიტსის ერთ-ერთი ფავორიტია - „წიგნი მიწიერ რაღაცებზე, რომლებიც მომაჯადოებელია". ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ თემას შთამბეჭდავად მიიჩნევს, არის ის, რომ დამამთავრებელ კლასში მისი პირველი სამსახური იყო პროგრამის წერა ობიექტისთვის, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის ელექტროენერგიის ქსელს აკონტროლებდა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასდროს დაფიქრებულხართ იმის შესახებ, თუ როგორ აღწევს ელექტროობა თქვენამდე, ეს წიგნი მაინც დაგარწმუნებთ იმაში, რომ ელექტროქსელი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო საოცრებაა. მეტიც, იმაზეც დაგაფიქრებთ, რატომ არის ელექტროქსელის მოდერნიზება ამდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხი კაცობრიობის მომავლისთვის.