პაატა შამუგია - ღარიბ ქვეყანაში ხელოვანი მდიდარი ვერ იქნება

პოეტი პაატა შამუგია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მსახიობებისა და სხვა ხელოვანების ანაზღაურების შესახებ საკუთარ მოსაზრებას წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ პაატა შამუგიას პოსტს:

"ღარიბ ქვეყანაში ხელოვანი მდიდარი ვერ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ხელოვნებით ვერ გამდიდრდება და, ახლა, პარალელურად, სახინკლეს თუ გახსნის, ეგ სხვა ამბავია. მსახიობები ჩივიან, რომ მათ ამ მიზერული თანხებით ოჯახების რჩენა არ შეუძლიათ. მეტსაც გეტყვით, პოეტებსა და მწერლებს საერთოდ არ აფინანსებს სახელმწიფო და ამიტომ გვიწევს ორგან და მეტგან მუშაობა, რომ თავი ვირჩინოთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ლექსებისგან შემოდიოდეს ზღვა ჰონორარები, მაგრამ ასე არსად ხდება.

ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს გემრიელად ჭამის შანსიც არა აქვს. და ასეთ დროს, დაყენებული ინტონაციით, სტანისლავსკის პაუზებით და 2000-ლარიანი ხელფასით წუწუნს რომ იწყებ, არ მგონია სწორი საქციელი. არანაირად.

და მიუხედავად ყველაფრისა, ვარ თუ არა თეატრების დაფინანსების მომხრე? დიაღ! 

არაკომერციული სახელოვნებო პროექტები (და არა კონკრეტული ხელოვანი) უნდა დაფინანსდეს. ასე რომ არა, საბაზრო კონკურენციის და მოთხოვნა-მიწოდების პირობებში, ვერ ითარგმნებოდა "ულისე", "ფუკოს ქანქარა", "მთვარეულები", ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომები, და ვიქნებოდით "გრეის 50 ელფერის", კოელიოს "ალქიმიკოსის" და იაკობ ახუაშვილის "ნაშრომების" ამარა; კლასიკური მუსიკა, როგორც ჟანრი, საერთოდ, გადაშენდებოდა, პრაქტიკულად, ყველა მუზეუმი და თეატრი დაიხურებოდა და ასე უსასრულოდ.

წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ (მე მგონი, სხვა ჟანრებზეც ვრცელდება ეს). თუ ვინმეს ჰგონია, რომ "საკვანძო" მწერლების, მუსიკოსების ან სპექტაკლების გარეშეც გადასარევად

ვიქნებით, მაგათ ნუ შეეკამათებით, თანაგრძნობით მოეკიდეთ - როგორც ჩანს, მაგათზე უკვე იძია შური ლიტერატურამ", - წერს პაატა შამუგია.