პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები არა კონკრეტულ პროგრამებს, არამედ სავალუტო რეზერვების გაზრდას მოხმარდება.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება არის საერთაშორისო საფინანსო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების გარანტი.
“2017 წლის 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან 3-წლიანი პროგრამის განხორციელების შესახებ. ეს არის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 285.3 აშშ დოლარის ოდენობის პროგრამა. აღნიშნული თანხები, როგორც ადრე ჩვენგან იყო გაცხადებული, წავა ჩვენი სავალუტო რეზერვის გასაზრდელად ეროვნულ ბანკში. აღნიშნული თანხები არ არის საბიუჯეტო დახმარება, არ მოხმარდება რაიმე კონკრეტულ პროგრამას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორცელება, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტი, ასევე გარანტი მხარდაჭერისა საერთაშორისო საფინანსო დონორ ორგანიზაციებთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ის ორგანიზაცია, რომელთან პროგრამის არსებობის შემთხვევაში ყველა საფინანსო ორგანიზაცია არის კომფორტულად, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მაკროეკონომიკური გარემო, მათ შორის, ფისკალური და მონეტარული მდგომარეობა ქვეყანაში არის დამაკმაყოფილებელი და კარგი. შესაბამისად, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების და რეფორმების მხარდამჭერი პროგრამა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სივრცითი განვითარება განხორციელდება სრული მასშტაბით და ბოლომდე მიყვანილი მოლაპარაკებები დაფინანსებაზე დაგვისრულდება წარმატებით; ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული; გვექნება უფრო ეფექტური მმართველობა და გვექნება ძალიან ბევრი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის განვითარებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე: ადასტურებს თუ არა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღნიშნული პროგრამის დამტკიცება შესაძლებელი გახდა ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დაბრუნების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქუმსიშვილმა აღნიშნა: „პროგრამის განხორციელებას სჭირდება მნიშვნელოვანი ძალისხმევა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ძალიან ბევრი სტრუქტურული რეფორმა არის გასახორციელებელი, მათ შორის ცენტრალური ბანკის მხრიდან რეგულირების ნაწილში და მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებების ყველა მიმართულებით“.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის მხარდასაჭერად საქართველოს 210.4 მილიონი SDR-ი (დაახლოებით 285.3 მილიონი აშშ დოლარი; ქვეყნის ქვოტის 100 პროცენტი) დაუმტკიცა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში.