აჭარის მთავრობა 28 ეკომიგრანტ ოჯახს 25 000-25 000 ლარს გამოუყოფს

აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25 000-25 000 ლარს გამოუყოფს.

როგორც აჭარის მთავრობა იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის 12 აპრილის სხდომაზე იქნა მიღებული.

მათი ცნობით, კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით, დახმარება ჯამში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს გაეწევა, რისთვისაც გამოიყოფა 750 000 ლარი.

”ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გაიცემა თითოეულზე 25 000 ლარი უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით.

გეოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე სახლის მშენებლობისათვის სოფელ ახალშენში 1 ოჯახს გამოეყოფა 15 000 ლარი.

ხანძრის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახის დახმარების მიზნით გამოიყოფა 35 000 ლარი.

კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, დააწესოს მკაცრი კონტროლი სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.

კიდევ ერთხელ გაფრთხილებული იქნა სოფელ თხილვანის მოსახლეობა, რომ ადგილზე მათი ცხოვრება შეიცავს ყოველდღიურ საფრთხეს და საცხოვრისით გრძელვადიან უზრუნველყოფამდე შეთავაზებული იქნა ქირის თანხები ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვების მიზნით.

მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეუძინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს, გახარჯულმა თანხამ შეადგინა 500 913 ლარი”, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.