მიწის ნაკვეთები 20-30%-ით გაძვირდა

კომერციული, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფასი 20-30% -ით გაიზარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო MYCLIENT.GE ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ვასილ ბერიძე განმარტავს, სასურველი მიწის ნაკვეთები დეფიციტშია. მათზე მოთხოვნა გაიზარდა, მიწოდების პროცესი კი შემცირდა.

„დეფიციტშია ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი 600-1 000 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს ან რომელთა სრული სამშენებლო ფართობი 11 000 კვადრატული მეტრია. მიწის ნაკვეთის პოვნა და შეძენა პრესტიჟულ უბნებში ძალიან რთულია“, - აცხადებს ბერიძე.

მისივე თქმით, მიწაზე ფასის მატება გასულ წელს თბილისის მერიის მხრიდან განაშენიანების რეგულირების გამკაცრების საკითხმაც გამოიწვია.

MYCLIENT.GE-ის ბროკერთა ცნობით, დღესდღეობით განსაკუთრებით მოთხოვნად უბნებად საბურთალო, ძველი თბილისი, დიდი დიღომი, გლდანი და ვარკეთილი სახელდება.