ილონ მასკმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტესლას“ ყველაზე დაბალფასიანი ავტომობილი „მოდელ 3“ არ აღიჭურვება მაჩვენებლების დაფით, რომელიც ჩვეულებრივ, საჭის უკან არის ხოლმე მოთავსებული.
ცენტრალურ კონსოლზე მხოლოდ ერთი, დიდი ზომის სენსორული ეკრანი მოთავსდება, რომელსაც ავტომობილის სისტემების კონტროლის გარდა, გასართობ-საინფორმაციო სისტემების მართვის და ნავიგაციის დანიშნულება ექნება.
როდესაც ამერიკულმა კომპანიამ საზოგადოებას კონცეპტუალური „მოდელ 3“ წარუდგინა, ბევრი გააოცა იმ ფაქტმა, რომ სალონში მაჩვენებლების დაფა არ იყო და ცენტრალურ კონსოლზე სწორედ ერთი ეკრანი განლაგდა. თუმცა მაშინ გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს კონცეპტუალური ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ელემენტი იყო და სერიული ავტომობილი ტრადიციული დაფით აღიჭურვებოდა.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში „ტესლას“ ერთმა ფანმა მასკს პირდაპირ ჰკითხა, ექნება თუ არა „მოდელ 3-ს“ მაჩვენებელთა დაფა, რაზეც კომპანიის შეფმა მიუგო, რომ სალონში მხოლოდ ერთი დაფა განლაგდება. მისი თქმით, რაც უფრო მეტად არის ავტომობილი ავტონომიური სისტემებით ეკიპირებული, დაფაზე მით ნაკლები ინფორმაციის გამოტანა იქნება საჭირო. „როცა ტაქსით მგზავრობთ, რამდენად ხშირად უყურებთ მაჩვენებლების დაფას?“ - კითხვითვე უპასუხა მასკმა. მან იქვე განმარტა, რომ ამ ეტაპზე, მისი კომპანია არ აპირებს ავტომობილის წარმოებას იმ მიზნით, რომ ის სრულად ავტონომიური ტექნოლოგიებით დააკომპლექტოს.
ერთი ეკრანის გამოყენება ჯდება „ტესლას“ ინტერიერის მინიმალისტურ კონცეპციაში. გარდა ამისა, ავტომობილს არ ექნება ჩვეულებრივი სავენტილაციო ჭრილები. მათ მაგივრად სალონში ჰაერის მიწოდება, პანელზე არსებული ოდნავ შესამჩნევი ზომის ჭრილებით მოხდება.
წყარო: autobild.ge