ძვირფასი საათების მწარმოებელთა თქმით, შავი ბაზარი მძიმე მდგომარეობაში აგდებს მათ ბიზნესს.
სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ბრილიანტებით მოოჭვილი „როლექსი“ 34 000 დოლარი ღირს, მაგრამ შავ ბაზარზე შესაძლოა 40 პროცენტით იაფადაც იყიდოთ, „ომეგა სპიდმასტერ მუნფაზი“ კი შავ ბაზარზე 10 000 დოლარზე იაფადაც შეგხვდებათ. ეს ფასები ბევრისთვის მიუწვდომელია, თუმცა ასეთი ფასდაკლება ძლიერ ზიანს აყენებს მდიდრული საათების მწარმოებლებს, რომლებსაც საათების შავი ბაზარი მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიული კომპანიები საცალო ბაზარს დიდი ყურადღებით აკონტროლებენ, მათ მიერ წარმოებული საათების ასლები სულ უფრო ხშირად ხვდება შავ ბაზარზე, სადაც მათ მყიდველს დიდი ფასდაკლებით სთავაზობენ. ეს მაშინ, როცა ორიგინალური საათები გაუყიდავი რჩება. ძვირფასი საათების შვეიცარიელი მწარმოებლები არ მალავენ, რომ სძულთ შავი ბაზარი, რომელიც მათ ბიზნესს ძლიერ ვნებს.
„ფუფუნების საგნების წარმოებაში, როცა პრესტიჟის, ოცნებისა და ფასების ილუზიას არღვევ, ეს მყიდველის თავდაჯერებულობას ვნებს. ამას ფუფუნების საგნების წარმოება განადგურებამდე მიჰყავს“, - ამბობს ძვირფასი ნივთების მწარმოებელ კომპანია LVMH-ს საათების დივიზიონის შეფი ჟან-კლოდ ბივერი.
იმ ფონზე, როცა ჩინურ ბაზარზე ძვირფას ნივთებზე მოთხოვნა მოულოდნელად მკვეთრად შემცირდა, საათების მწარმოებლებმა შავი ბაზრის დილერებზე გასვლა დაიწყეს. ამგვარად, ისინი ახერხებენ არა მხოლოდ გაყიდვების გაზრდას, არამედ არაოფიციალურ გადამყიდველებსაც მეტნაკლებად აკონტროლებენ.
შავ ბაზარზე ძვირფასი საათები ხშირად ავტორიზებული დილერებისგანაც კი ხვდება, რომლებიც ასე ცდილობენ იმ საათების მოშორებას, რომლებიც ცუდად იყიდება და დახლზე ტყუილად დევს. ერთ-ერთი ლუქს მწარმოებლის აღმასრულებელი, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „როიტერთან“ საუბრისას აღიარებს, რომ შავი ბაზარი სულ უფრო ხშირად, მწარმოებლებთან კოორდინირებულად მოქმედებს. მაგალითად, მწარმოებლების თხოვნით, შავი ბაზრის დილერები ხშირად ახალი მოდელების გაყიდვებს აჩერებენ, ან ფასდაკლებებს ამცირებენ.
ჩინეთში ძვირფასეულობაზე მოთხოვნის ბუმი, 2008-09 წლების კრიზისის დასრულების შემდეგ დაიწყო. ამას მოჰყვა წარმოების მკვეთრი ზრდა, მაგრამ ბოლო ორი წელია, მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. ამას ორი მიზეზი აქვს - ევროპაში ექსტრემისტული თავდასხმების გახშირება, რის გამოც შემცირდა კონტინენტზე ტურიზმი, რაც ძვირფას საათებზე მოთხოვნას აზარალებს. მეორეც, ჩინეთში სახელმწიფო მოხელეებისთვის ძვირფასი ნივთების ჩუქება აიკრძალა, რაც ასევე საათების ბიზნესს ურტყამს.