2017 წლის იანვრიდან 15 მარტამდე აჭარის საპატრულო პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 21 535 პირი დააჯარიმა. ასეთია ”ინტერპრესნიუსის” მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები.
სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის 12 თვეში ანალოგიური დარღვევებისთვის აჭარის რეგიონში 55 483 პირი დააჯარიმეს. 2015 წელს კი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 85 412 იყო.
ამასთან, როგორც შსს-ს მიერ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, სამართალდარღვევების დიფერენცირება, სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტების მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრების მიხედვით შეუძლებელია.
”შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მონაცემები აისახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. შესაბამისად, მათი დიფერენცირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტების მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრების მიხედვით შეუძლებელია”, - აღნიშნულია შსს-ს წერილში.