ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისას იმპორტის ზღვრული რაოდენობა ქართულ ნიორზე იქნება დაწესებული

ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ქართული წარმოების ყველა პროდუქტი, ნიორის გარდა, რომელზეც რაოდენობრივი შეზღუდვა იმოქმედებს, ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია, ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას ადგილობრივ ბაზარზეც.

შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.

გარდა ამისა, 28 დასახელების პროდუქტზე, მათ შორის ღვინოსა და ბოსტნეულზე, ევროკავშირში იმპორტისას აუცილებელი იქნება საბაჟო გადასახადის გადახდა, თუმცა ამ გადასახადის ადვალორული კომპონენტის გარეშე. ადვალორული (Ad Valorem) გადასახადი გულისხმობს გადასახადს, რომელიც გამომდინარეობს ქონების, პერსონალური საკუთრების შეფასებული ღირებულებიდან. ეს გადასახადი ხშირად წესდება იმპორტირებულ საქონელზე. ასეთ დროს მხედველობაში მიიღება ტვირთის ფასი (პროცენტი ფასიდან) და არა წონა.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტების ჯგუფი, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები ვაჭრობაში საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის მასშტაბის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჯერ კიდევ მის რატიფიცირებამდე შეიქმნება, ვინაიდან შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე მისი ზოგიერთი ნაწილი ამოქმედდება.