ქიბარ ხალვაშის ძმა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების ქარხნის დაბრუნებას ითხოვს

ქიბარ ხალვაშის ძმა, კომპანია „ბიზონის“ მფლობელი ნიაზ ხალვაში ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების ქარხნის დაბრუნებას ითხოვს.

საწარმო ნიაზ ხალვაშმა 2006 წელს შეიძინა, თუმცა ორი წლის შემდეგ მას სამშენებლო მასალების ქარხანა ჩამოართვეს. 2017 წლის 30 მარტს აუქციონის წესით ქარხანა კვლავ ნიაზ ხალვაშის კომპანია ”ბიზონმა” შეიძინა. თუმცა, შპს ”ტრანსკავკასიის კრისტალი“, რომლის ტერიტორიაზეც აღნიშნული ქარხანა არის განთავსებული, ტერიტორიის დათმობას არ აპირებს.

როგორც შპს ”ტრანსკავკასიის კრისტალის“ ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, ხალვაშს სასამართლოს განჩინება აღსრულებასთან დაკავშირებით არ აქვს.

"შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე შპს "ენერჯია" განთავსებული და კომპანია ბათუმის მერიას ფილებს უმზადებს. ნიაზ ხალვაში ყველანაირად ცდილობს, რომ ამ პროცესებს ხელი შეუშალოს.

ნიაზ ხალვაში აგრესიული იყო და არ სურდა ჩემთან საუბარი. მან ტერიტორიის დატოვება მომთხოვა. ის მიიჩნევს, რომ ტერიტორია მის საკუთრებაშია. ნიაზ ხალვაშმა თვითნებურად დაიკავა ტერიტორია, იგი არც პოლიციას ემორჩილება. მას უფლება მხოლოდ მაშინ ექნებოდა თუ სასამართლოს აღსრულების ფურცელით მოვიდოდა.

სამშაბათს პროკურატურაში საჩივარი შეგვაქვს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე", -აცხადებს დავით ჯაფარიძე.