იაპონიის ერთ-ერთ სასტუმროში პერსონალი რობოტებით შეცვალეს

იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში მდებარე სასტუმრო Henn-na-ში მომუშავე პერსონალი რობოტებმა ჩაანაცვლეს.

სასტუმოში შესულ სტუმარს სარეგისტრაციო მაგიდასთან უჩვეულო სამეული ხვდება: რობოტი გოგო, დინოზავრი ბაფთითა და პატარა ანდროიდი. სამივე ათობით ენას ფლობს და სამივეს შეუძლია დაეხმაროს დამსვენებელს - გასცეს საჭირო კითხვაზე პასუხი ან მაგალითად, გამოუძახოს ტაქსი. რობოტების გვერდით დგას საგადასახადო ტერმინალები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნომრის საფასურის გადახდა.

გარდა ამისა, რობოტები ასრულებენ ყველა სხვა დანარჩენ დავალებას, მათ შორის, არიან მიმტანები, მებარგეები, დამლაგებლები და სხვა.

სასტუმროში არ გაიცემა გასაღები, ამის ნაცვლად არსებობს სახის ამოცნობის სისტემა. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ სასტუმროს შენობა ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო ელექტროენერგიის მიღებისთვის მზის პანელები გამოიყენება.

ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, საწარმოო პროცესში ერთი რობოტის ჩართვით, სამსახურს დაახლოებით 6 ადამიანი კარგავს. მეცნიერების აზრით, მომავალ 15 წელიწადში დიდი ბრიტანეთის 10 მილიონ მუშახელს რობოტიზირებული მანქანები შეცვლის. იაპონია დღესდღეობით რობოტების დასაქმების მაჩვენებლით მოწინავე პოზიციაზეა.