გავლენიანი გამოცემა Financial Times პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რუსული ენის შესუსტების შესახებ წერს.
როგორც სტატიის ავტორი სტივ ჯონსონის წერს, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსულ ენა უფრო მეტად დაიკარგა, ვიდრე რომელიმე სხვა ენა, რამდენადაც პოსტ-საბჭოთა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები თავიანთი ენობრივი სუვერენიტეტის დაცვას შეეცადნენ.
„რუსული ენის გავლენის გაქრობა ხაზს უსვამს მოსკოვის გავლენის ვარდნას რუსეთის პრეზიდენტის ძალისხმევის ფონზე, აღადგინოს მსოფლიო არენაზე ყოფილი ზესახელმწიფოს მნიშვნელობა უკრაინასა და სირიაში სამხედრო ჩარევით“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ეროვნული გამოკითხვებისა და გაეროს მონაცემებით, რუსული ენის გამოყენება ყველაზე სწრაფად ყაზახეთში შემცირდა, სადაც 2016 წელს მოსახლეობის 20,7%-მა განაცხადა, რომ სახლში რუსულად საუბრობენ მაშინ, როცა 1994 წელს ეს მაჩვენებელი 33,7% იყო.
„ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ქვეყანა ყაზახური ანბანიდან ლათინურ სკრიპტზე უნდა გადავიდეს. მისივე თქმით, 1940 წელს ყაზახეთში კირილიცაზე გადასვლა „პოლიტიკური მიზეზებით“ იყო გამოწვეული.
1994 წლის შემდეგ, ლატვიაში 40,5%-დან 29,8%-მდე შემცირდა იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც რუსულს თავის ძირითად ენად აცხადებდა, ესტონეთში კი 33,3%-დან 23,4%-მდე. თუ 1994 წელს უკრაინაში რუსულად მოლაპარაკეთა რაოდენობა 33,9% იყო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 24,4%-მდე დაეცა. რუსულად მოლაპარაკე უმცირესობები ასევე შემცირდა აზერბაიჯანში, ლიტვაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.
საქართველოში, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ომი გადაიტანა, რუსულად მოლაპარაკეთა რაოდენობა 6,4%-დან 1,1%-მდე შემცირდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით კი რუსულის, როგორც მეორე ენის ჩანაცვლება, ინგლისურით გადაწყდა“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც საკონსულტაციო კომპანია Macro-Advisory-ის უფროსი პარტნიორი კრის უიფერი აღნიშნავს, რუსული ენის შემცირება და მშობლიური ენების გაძლიერება, მათ შორის უკრაინულისა და ყაზახურის, გამოწვეულია საბჭოთა კავშირის დაშლით.„ეს ქვეყნები საბჭოთა მმართველობის ტყვეობაში იყვნენ და როდესაც გათავისუფლდნენ, მათ დაიწყეს იმ ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც ტყვეობას ახსენებდათ, მათ შორის ენისგან“, - აღნიშნავს კრის უიფერი.
მისივე თქმით, ამ ქვეყნებმა დაიწყეს რუსული ენისგან გათავისუფლება ნაწილობრივ იმიტომ, რომ დისტანცირება მოეხდინათ რუსული კულტურული და განსაკუთრებით პოლიტიკური გავლენისგან. ასევე იმის შიშით, რომ რუსული ენის შენარჩუნება მოსკოვს გაუადვილებდა მათ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში რუსული პროპაგანდისა და ახალი ამბების გავლენის საფრთხით.
კრის უიფერის განცხადებით, ზოგიერთმა ქვეყანამ სულაც უარი თქვა რუსულ ენაზე და ეს იყო სტრატეგიის ნაწილი, დაემყარებინათ პოლიტიკური კავშირები დასავლეთთან და აზიასთან და მოეზიდათ ინვესტიციები.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ბელორუსია. თუ 1994 წელს ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე ოდნავ ნაკლები აცხადებდა, რომ რუსული იყო მათი მთავარი ენა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 71% შეადგინა.
„საქართველოსგან, უკრაინისგან და ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, ევროკავშირსა და აშშ-ს ბელორუსთან თანამშრომლობისთვის ნაბიჯები არ გადაუდგამს. ამის ნაცვლად, დასავლეთის პოზიცია ლუკაშენკოსადმი იყო „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ და მათ თავი აარიდეს ქვეყანას, რის გამოც მინსკი მოსკოვთან ახლო ურთიერთობაში დარჩა“, - აღნიშნავს კრის უიფერი.