თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს. კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე დასასწრებად ქვეყანას ეწვევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა საზოგადოებას გააცნობს საკვანძო საკითხებში კანონის იმპლემენტაციის საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს ექსპერტები - ენდრიუ ვილიამ ბლეკი და როდრიგო სანტოს სეიხო, აგრეთვე თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელის (ENSP) წამყვანი ექსპერტი დომინიკ გუიანგი კონკრეტული სადავო ნორმების ექსპერტიზას და არგუმენტაციას წარმოადგენენ.
ამასთან, საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები აქვს მთავრობას. მთავრობის შენიშვნები 17 გვერდისგან შედგება და ის პარლამენტს უკვე წარედგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადებულ დასკვნაზე სავარაუდოდ, დღევანდელი განხილვისას იმსჯელებენ.