ინტერნეტის სიიაფითა და ხარისხით საქართველო სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება

სპეციალისტთა გათვლებით, საქართველოში ინტერნეტის ფასი დაახლოებით ასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, იაპონიაში, რომელიც მსოფლიო ლიდერია ინტერნეტის სიიაფითა და სიჩქარით.

იაპონიაში ერთი მეგაბაიტი/წამში ინტერნეტის ფასი 27 ცენტია, სამხრეთ კორეაში - 45 ცენტი, ხოლო შვედეთში - 63 ცენტი. ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთი მეგაბაიტი DSL ინტერნეტის ფასი 16 ლარიდან იწყება და მომხმარებელი თითქმის ვერასოდეს იღებს სიჩქარეს, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული. იგივე შეიძლება ითქვას უფრო მეტ მეგაბაიტიან ინტერნეტ პაკეტებზეც.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში ინტერნეტის ფასი მართლაც მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

"ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენი ინტერნეტი ვერც ხარისხით დაიკვეხნის და ვერც - ფასით. ყველა უკმაყოფილოა, რადგან სხვადასხვა დროს პროვაიდერები სულ სხვადასხვა სიჩქარის ინტერნეტს გვაწვდიან. საბოლოო ჯამში კი, მომსახურების ხარისხი არ ემთხვევა იმ თანხას, რასაც ვიხდით. ავიღოთ თუნდაც მობილური ინტერნეტპაკეტის მომსახურება, რომლითაც მეც ვსარგებლობ: ერთ ადგილას ინტერნეტი ნორმალურად მომეწოდება, მეორეგან - სულ არა, კავშირი ხშირად ითიშება, სიჩქარე საშინელია," - ამბობს მაისურაძე.

მისი თქმით, ამგვარი მომსახურება ოდნავაც ვერ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რადგან მოწინავე ქვეყნებში ინტერნეტის სიჩქარე მაღალია, ხოლო ფასი - შეუდარებლად დაბალი.

"იქ ოპერატორი ამდენს ვერ ბედავს, რადგან ტარიფი ინტერნეტის ხარისხსა და სიჩქარეზეა დამოკიდებული. საქართველოში კი, ხშირად ერთი აბონენტის ნაცვლად, რამდენიმეს ემსახურებიან - ინტერნეტის სიჩქარეც, შესაბამისად, რამდენიმე აბონენტზე ნაწილდება. აბონენტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათი შესაძლებლობა და მომხმარებლის უფლებებიც უხეშად ირღვევა," - აცხადებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე.

თემურ მაისურაძე გამოსავალს ქვეყანაში ისეთი ოპერატორის შემოსვლაში ხედავს, რომელიც შეცვლის და გააუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხსაც და ფასსაც, დაამკვირდრებს ახალ სტანდარტებს.

"ყველას აქვს სერიოზული ეჭვი და მათ შორის მეც, რომ აქ ოპერატორები ერთი თამაშის წესებს იცავენ, თორემ ნორმალურ, კონკურენტულ პირობებში ინტერნეტი უფრო იაფი უნდა იყოს. ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თავისი გადამცემი სისტემები არა აქვს. ყველაზე კარგი იქნება საკუთარი თანამგზავრი შევიძინოთ და ჩვენვე ვმართოთ საკუთარი სატელეკომუნიკაციო სისტემები. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ხარჯზე წასვლა ღირს," - ამბობს მაისურაძე.

ინტერნეტის სიძვირეს კონკურენციის დაბალი დონით ხსნის "ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძეც. როგორც ლექვინაძე ამბობს, იმ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტის ფასი დაბალია, სამაგიეროდ, კონკურენციის ხარისხია ძალიან მაღალი.

"ქართულ ბაზარზე კი ძირითადად ორი მოთამაშეა წარმოდგენილი - "კავკასუს ონლაინი" და "სილქნეტი". მათ შორის კონკურენცია არის, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი შანსია, რომ გარიგებაც არსებობდეს. ფაქტია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ამ კომპანიების პასუხისმგებლობა ნულის ტოლია. ხელშეკრულებაში არ არსებობს მუხლი, რომელიც ინტერნეტის სტაბილური სიჩქარით მიწოდებას გარანტიას წარმოადგენს, ინტერნეტის ხარისხსაც არავინ აკონტორლებს. ეს ხელშეკრულებები კომპანიების ინტერესების შესაბამისად არის შედგენილი და არა მომხმარებლისა. ფაქტობრივად, ეს ბაზარი ოლიგოპოლიურია და შედეგიც შესაბამისი გვაქვს: როდესაც ორი კომპანია აკონტროლებს ბაზარს, იქ უფრო მეტია შანსი, რომ ფასები მონოპოლიური იყოს," - მიაჩნია ლექვინაძეს.

მისი აზრით, არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ოპერატორები აქტიურ კონკურენციაში იყონ ერთმანეთთან. მისი თქმით, ასე რომ იყოს, მათი სერვისიც უკეთესი იქნებოდა და სატარიფო პოლიტიკაც.

"კავკასუს ონლაინმა" სულ ცოტა ხნის წინ მომსახურება 5 ლარით გააძვირა და ეს საკმაოდ უცნაური მოტივით შეფუთა - ვითომ ეს ნაბიჯი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადადგა. ფაქტია, რომ ეს იყო მარკეტინგული ფარი და ამ კომპანიებს მუშაობაში სერიოზული ხარვეზები აქვთ. ამას ნებისმიერი მომხმარებელი გეტყვით, სულ პატარა გამოკითხვაც რომ ჩაატაროთ," - ამბობს ლექვინაძე.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი ინტერნეტი უკრაინაშია - თვეში საშუალოდ 7,1 დოლარი, ხოლო ყველაზე ძვირი - თურქმენეთში: საშუალოდ, 35 დოლარი, რაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 10,2 პროცენტია. სომხეთში ინტერნეტი თვეში 12,1 დოლარი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში - 12,7 დოლარი. რაც შეეხება რუსეთს, აქ ინტერნეტის საშუალო ღირებულება 10,2 დოლარია, რაც ამ ქვეყნის მოქალაქის შემოსავლის 1,2 პროცენტია. საქართველოში, ინტერნეტის საშუალო ღირებულება თვეში 11,9 დოლარია, რაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 5 პროცენტს შეადგენს.

ხათუნა ჩიგოგიძე