დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა დასრულდა, სადაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად, ქართული უნივერსიტეტებიც იყვნენ წარმოდგენილი.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, პროექტით - ”ვისწავლოთ საქართველოში“, საერთაშორისო ფორუმზე პირველი გასვლა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ქართულმა სტენდმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
”სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების უცხოენოვან პროგრამებზე 600-მდე უცხოელი დარეგისტრირდა. არაერთი აგენტი დაინტერესდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რამდენიმე მემორანდუმზე კი ხელმოწერა იქვე განხორციელდა.
მომდევნო ეტაპზე, მოლაპარაკებები აგენტებთან და თითოეულ აპლიკანტთან ინდივიდუალურად გაგრძელდება და ბევრი დარეგისტრირებული უცხოელი, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტი გახდება.
საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა აუცილებელია, რადგან იზრდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა და უცხოელ სტუდენტებსა და უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს”, - აცხადებენ სამინისტროში.