თბილისში, სასტუმრო ”ბეტსიში” კონფერენცია ”ლიბერალი ქალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში” გაიმართა.
ღონისძიება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის "თავისუფლებისათვის" ორგანიზებით მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა ფედერალურმა მინისტრმა ირმგარდ შვაეტცერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნინო ღანიშაშვილმა და სხვებმა.
”ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი უკვე მრავალი წელია საქართველოში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქმიანობს. ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ შესაძლებლობას ქალები, მანდილოსნები შევკრიბოთ და ვისაუბროთ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანდილოსნების წვლილი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ჭრილში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართველი ქალები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში”, - აღნიშნა გერმანიის ევანგელური ეკლესიის სინოდის ხელმძღვანელმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა ფედერალურმა მინისტრმა ირმგარდ შვაეტცერმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მაია ფაჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის პარტია ”თავისუფალ დემოკრატებთან” დამეგობრებულია. მისივე თქმით, ფონდი ეხმარება ლიბერალურ პარტიებს საქართველოში, რათა მათ განავითარონ თავიანთი პარტიული სტრუქტურები და ჰქონდეთ წარმატებული პოლიტიკა.
”პრობლემა ძალიან ბევრია. ეს პრობლემები არ არის ტიპური ქართული, იგი ახასიათებს აბსოლუტურად ყველა ევროპულ სახელმწიფოს, ეს არის ქალი და ოჯახი, სოციალური გარემო, სხვადასხვა ყოფითი პრობლემები რომლებიც ქალებს აქვთ, მაგრამ მე აქცენტს გავაკეთებ განათლებაზე, გამოცდილების მიღებაზე და იმაზე, რომ მაინც, ქალების რაოდენობა ძალიან ცოტაა და ახალგაზრდა ქალებისთვის არ არის ბევრი მაგალითი, რომ ქალს შეუძლია იყოს წარმატებული პოლიტიკაში და თვითონაც მოუნდეს ამ გზაზე სიარული”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.