მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 5 071 ერთეული შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 24.4%-ით; 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 3.3%-ით მეტია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარტში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 95.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.6% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 24.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 33.9%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა.
წინა თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 394 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 47.2%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 376 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 46.9%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 94.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.
ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 232 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 39 კოოპერატივი, 17 სააქციო საზოგადოება, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 1 კომანდიტური საზოგადოება, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი 2 193 ბიზნეს სუბიექტი თბილისში, ყველაზე ცოტა 67 ერთეული კი თვითმართველი ქალაქი გორის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა.