ლარის მკვეთრი გამყარება ხელს შეუშლის საბიუჯეტო დისციპლინას

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ვალუტის გამყარების შესახებ წერს. "ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბლუმბერგის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში ქართული ლარი წარმოადგენს არასტაბილურ ვალუტას, როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდზე გამოთვლით, ამჟამად ლარის შედარებითი სიმყარის ინდექსიX(RSI – Relative Strength Index) მხოლოდ 21% შეადგენს (თურქეთი – 31%; აზერბაიჯანი – 37%; უკრაინა – 38%; რუსეთი – 47%; სომხეთი – 58%).

როგორც უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვხედავთ, ეროვნული ბანკი  უძლურია, რომ ლარის კურსი მართოს და შეინარჩუნოს 2.5 ფარგლებში, რის გამოც მიმდინარე 2017 წლის პირველ კვარტალში მთავრობის მიერ მიღწეული ფისკალური წარმატებები მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგას ეროვნული ვალუტის ზომაზე მეტად გამყარების გამო.

2.5 წარმოადგენს გაცვლითი კურსის იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც ეროვნული ბანკის რეკომენდაციით საქართველოს მთავრობამ საფუძვლად დაუდო 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს.

აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც პირველ კვარტალში სანიმუშოდ შესრულდა, ხოლო კვარტალური შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო უკანასკნელი მრავალი წლის განმავლობაში, წარმოადგენს ამბიციურ დოკუმენტს.

ბიუჯეტის ამბიციურობა განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო, რთულად პროგნოზირებადი საგარეო–ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ცდილობს საყოველთაო განვითარებაზე ორიენტირებული სტრუქტურულ–ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების გატარებას, რომელიც  მრავალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოიცავს, ისე რომ სოციალურ პასუხისმგებლობასაც არ ივიწყებს საზოგადოების წინაშე. ამიტომ, არცერთი დაგეგმილი პროექტის დაფინანსებას საფრთხე არ უნდა შეექმნას!!!

შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილის შესრულებისათვის, რომელშიც ყველა სახის საგადასახადო მუხლი გარკვეული ზომით მოიცავს გაცვლითი კურსის ფაქტორს, აუცილებელია ეროვნული ვალუტის გრძელვადიანი სტაბილურობა.

რადგან მთავრობამ ბიუჯეტს საფუძვლად დაუდო საშუალო შეწონილი კურსი 2.5 ნიშნულზე, რაც ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად ნამდვილად არ მომხდარა, ეროვნული ბანკი ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთოს ლარის როგორც მკვეთრი გაუფასურების, ისე მკვეთრი გამყარების თავიდან ასაცილებლად.

გასული 2016 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა ეროვნული ბანკის სრული უმოქმედობა, როდესაც მან აპრილ–ივლისში მრავალი ინტერვენციების მიუხედავად ვერ შეძლო ლარის მკვეთრი გამყარების შეჩერება 2.1–მდე, ხოლო 2016 წლი აგვისტო–დეკემბერში, აგრეთვე მრავალი ინტერვენციების მიუხედავად, ვერ შეძლო ლარის მკვეთრი გაუფასურების შეჩერება 2.8–მდე.

სავალუტო ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესი არის ოლიგოპოლიური, რომლის პირობებში, მაგალითად, ბაზრის მოთამაშეებისათვის უპრობლემოდ შესაძლებელია დოლარის რაოდენობის ნებისმიერი ჭარბი მიწოდებით ეროვნული ვალუტის 10 თეთრით გამყარება, ან პირიქით, ჭარბი მოთხოვნით – 10 თეთრით გაუფასურება.

ლარის მკვეთრი გამყარების გამო საბიუჯეტო პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით საბანკო ოლიგოპოლიას არ შერცხვება, უპასუხოს სახელმწიფოს: „ჩვენგან რა გინდათ, ეროვნული ბანკი ხომ ინსტიტუციურად სახელმწიფოსია?!“

კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეასრულოს ქვეყნის მონეტარული ხელისუფლების ფუნქცია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი უნდა იყოს 100% სახელმწიფო ინტერესების გამტარებული საბანკო–ფინანსურ სისტემაში, და არა საბანკო ოლიგოპოლიის ხელშემწყობი და ხელქვეითი.

საბანკო ოლიგოპოლიის კარნახით ეროვნულ ბანკს არ უნდა დაეშვა ლარის ასეთი მკვეთრი გამყარება 2.37 დონეზე, ხოლო ეროვნული ბანკის მონოტონური განცხადება, რომ გაცვლითი კურსი საქართველოში არის თავისუფალი, უკვე მერამდენედ, უკავშირდება პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობას.

ეროვნულმა ბანკმა უნდა მართოს გაცვლითი კურსი, რათა საზოგადოებას გვიხაროდეს ლარის სტაბილურობის, მაგრამ არ გვეშინოდეს ბეზპრეძელის !!!

-------------------------------------------------------------

x - შედარებითი სიმყარის ინდექსი (RSI – Relative Strength Index) წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის მეთოდს ფინანსურ სტატისტიკაში, რომელიც უჩვენებს სასურველ დროის პერიოდში ფინანსური ინსტრუმენტის საბაზრო ღირებულების სტაბილურობის ხარისხს (ზუსტი განმარტება, გამოთვლის წესი და გამოყენების მეთოდები გთხოვთ, იხილოთ ინვესტოპედიაში).

ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება დროის პერიოდში მით უფრო სტაბილურია, რაც უფრო ახლოს არის მისი RSI=50% დონესთან".