"ვლადიკავკაზ-თბილისის" მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დუშეთის რაიონს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა, კახეთში კი შესაძლოა, გაზის პარამეტრალური კლება დაფიქსირდეს.
როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან იუწყებიან, ავარიის შედეგად დაზიანებულია "ვლადიკავკაზ-თბილისის" DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 155-ე კილომეტრზე არსებული პირველი ხაზი.
საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.
"ვლადიკავკაზ-თბილისის" DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენის 155-ე კილომეტრზე საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.