ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში დიდმა სუპერმარკეტებმა (ყველა თანამედროვე საცალო სავაჭრო ობიექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმატის – ჰიპერმარკეტის, კუთხის მაღაზიის, სუპერმარკეტის – მაღაზიათა ქსელს ) შეცვალეს საცალო ბიზნესის ლანდშაფტი: გაზარდეს მაღაზიის ზომები, გააჩინეს მეტი თარო, გააფართოეს საქონლისა და მომსახურების ასორტიმენტი და დაიწყეს აქტიური მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენება. როგორც iset-pi.ge წერს განვითარებად ქვეყნებში ეგრეთ წოდებული „სუპერმარკეტების რევოლუცია“ 1990-იან წლებში დაიწყო და დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში სუპერმარკეტები არამხოლოდ მაღალ და საშუალოშემოსავლიან მომხმარებელს ფარავენ, არამედ მასობრივ ბაზარზეც გადიან.
სუპერმარკეტების აღზევებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ურბანიზაციამ და შემოსავლების ზრდამ, თუმცა სხვა ფაქტორებმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში. ერთ-ერთი არსებითი ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლიბერალიზაცია იყო. ამას გარდა, სუპერმარკეტების სექტორში მძაფრმა კონკურენციამ, კონსოლიდაციამ და მულტინაციონალიზაციამაც დააჩქარა იმ სუპერმარკეტების ქსელების გავრცელება, რომელთაც კონკურენტული პოზიციების გაუმჯობესება სურთ.
სუპერმარკეტების რაოდენობის ზრდამ, შესაძლოა, ორგვარი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე. ერთის მხრივ, თანამედრო საცალო სავაჭრო ობიექტებისგან წამოსული მძაფრი კონკურენცია ტრადიციულ მაღაზიებს უმცირებს შემოსავლებს და, შესაძლოა, ბაზრიდანაც კი განდევნოს ისინი. მეორეს მხრივ, თანამედროვე საცალო სავაჭრო ქსელები დასაქმების ახალ შესაძლებლობებს ქმნიან და დადებით გავლენას ახდენენ სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებზე (მაგალითად, იზრდება ასორტიმენტი; მეტ პროდუქტს უჩნდება ეტიკეტი, რითაც ტრადიციული მოვაჭრეები ცდილობენ, მიბაძონ თანამედროვე ქსელების პრაქტიკას).
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სუპერმარკეტების ზრდა მრავალმხრივ გავლენას ახდენს მომხმარებელზე და მის ქცევაზე. სუპერმარკეტები მომხმარებელს სთავაზობს უფრო დაბალ ფასებს, მეტად მრავალფეროვან ასორტიმენტს და უკეთეს ხარისხს მცირე მაღაზიებთან შედარებით. ამ უპირატესობების წყალობით, ისინი სწრაფად იზრდებიან და ბაზარზე დიდ წილს იკავებენ. პირველ ეტაპზე საკვებზე დანაზოგებით საშუალო კლასი სარგებლობს, თუმცა ღარიბულ ურბანულ და სოფლის დასახლებებში სუპერმარკეტების გაჩენასთან ერთად, საკვების უსაფრთხოების დადებითი ეფექტი გაჭირვებულ მომხმარებელზეც ვრცელდება.
როდესაც სუპერმარკეტები ფართოვდება და მათი ბაზრის წილი იზრდება, მცირე მაღაზიების ბაზრის წილი შეიძლება შემცირდეს. ფაქტების მიხედვით, დიდ სუპერმარკეტებს სხვადასხვა ზეგავლენა აქვს პატარა სასურსათე მაღაზიებზე. მაგალითად, სობელმა და დინმა (2008 წ.) შეისწავლეს, რა გავლენა იქონია უოლ-მარტსის (ამერიკული მულტინაციონალური საცალო სავაჭრო ობიექტების კორპორაცია, რომელიც აერთიანებს ჰიპერმარკეტებს, ფასდაკლების მაღაზიებსა და სასურსათე მაღაზიებს) ბაზარზე შესვლამ მცირე ზომის საცალო მოვაჭრეებზე და აჩვენეს, რომ ამას გრძელვადიან პერიოდში არანაირი გავლენა არ მოუხდენია აშშ-ში მცირე ბიზნესის აქტივობის ზომაზე ან მათ ზრდაზე. მეორეს მხრივ, ჯიამ (2008 წ.) უჩვენა, რომ მცირე და საშუალო ზომის საცალო მოვაჭრეებში სუფთა ცვლილების 37%-55% მიზეზი მხოლოდ უოლ-მარტსის ბაზარზე შემოსვლაა. მეტიც, ბასკერის (2005 წ.) შეფასებით, იმ წელს, როდესაც ბაზარზე უოლ-მარტსი გაჩნდა, ქვეყანაში საცალო ვაჭრობაში დასაქმება 100 სამუშაო ადგილით გაიზარდა. თუმცა, ეს სარგებელი ნახევრდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რადგან სხვა საცალო მოვაჭრეები გადიან ბაზრიდან, მცირდებიან ზომაში, შედეგად, გრძელვადიან პერიოდში მიღებული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგია 50 სამუშაო ადგილი. განაგრძეთ კითხვა
ავტორი: ირაკლი შალიკაშვილი
წყარო: iset-pi.ge