ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალ TripAdvisor- ზე მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო "რედისონში", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და TripAdvisor-ის მარკეტინგული მიმართულებების მენეჯერმა ჩედ შაივერმა პრესკონფერენცია გამართეს.
ახალი შეთანხმებით, 1 წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია TripAdvisor-ის პორტალზე საქართველოს გვერდის მხარდამჭერი იქნება. 6 თვის განმავლობაში კი პორტალზე საქარველოს შესახებ აქტიური მარკეტინგული სარეკლამო კამპანია გაიმართება. TripAdvisor საქართველოს პოპულარიზაციას 10 ქვეყანაში გაუწევს, მათ შორისაა: გერმანია, პოლონეთი, იტალია, შვედეთი, ნორვეგია, დანია, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი და თურქეთი.
"ჩვენ მეორე წელია TripAdvisor-თან ვთანამშრომლობთ. 2016 წლის შედეგები საკმაოდ წარმატებული იყო. ორნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა საინფორმაციო და სარეკლამო მასალები ჩვენს შესახებ. ეს არის ის რეზულტატი, რომლის მიღწევა და გაუმჯობესება წელს გვსურს",- აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა ჩედ შაივერმა. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა ტიპის ტურისტული პროდუქტი, რომელიც შეიძლება ვიზიტორებს შესთავაზოს როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონებზე.
კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 65 ათას აშშ დოლარს ხარჯავს.
TripAdvisor-ი მსოფლიოში უდიდესი ტურისტული პორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 390 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტ მომხმარებლებს პორტალზე 465 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვთ დატოვებული. TripAdvisor-ზე 7 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია TripAdvisor-ზე 2016 წელსაც გამართა.