სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის თქმით, თამბაქოს შესახებ კანონპროექტი რესტორნებში ადმინისტრირების თვალსაზრისით პრობლემებს შექმნის და კონფლიქტებს წარმოშობს.
როგორც ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის აღნიშნული კანონპროექტი მისაღებია, თუმცა ადმინისტრირების თვალსაზრისით პრობლემებს შექმნის.
“ეს რეგულაციები ჩვენთვის ახალი არ იყო. ამ რეგულაციებს ნამდვილად ველოდებოდით, რადგან ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო და ჩვენთანაც მოლოდინი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ სასტუმროების უმრავლესობა უკვე გადასულია იმ რეჟიმზე, როცა თითქმის მთელი მასშტაბით სასტუმროებში მოწევა უკვე აკრძალულია. სასტუმროებისთვის ეს თემა შედარებით უფრო ადვილად გადასატანია და პრობლემას არ შექმნის. თუმცა, საკმაო პრობლემებს ვაწყდებით რესტორნებთან მიმართებაში ადმინისტრირების თვალსაზრისით. ჩვენთვის მისაღებია ეს თემა და მივიღეთ. უბრალოდ, ადმინისტრირება როგორ მოხდეს, როცა ყველაფერზე ჯარიმას იხდის თვითონ რესტორანი, იურიდიული პირი, არის საკმაოდ რთული”, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისივე თქმით, რთულია აღნიშნული საკითხის ადმინისტრირება 300-კაციან ქელეხსა და ქორწილში, როცა 300-დან 200 ადამიანი ეწევა.
“მარტივი მაგალითი მგონია, რომ მარტო საქართველოში იმართება 300-კაციანი ქელეხი, როცა 300-დან 200 ადამიანი ეწევა. ამის ადმინისტრირება რესტორნის მეპატრონემ როგორ უნდა მოახერხოს ისე, რომ არ დაჯარიმდეს, ბუნებაში ვერ წარმომიდგენია. იგივეა ქორწილის შემთხვევაშიც. ადამიანი მიჩვეულია, რომ ნასვამ მდგომარეობაში ეწევა და არა მარტო ერთი ადამიანი, არამედ უმეტესობა. რესტორნის პერსონალი ვერ დაუპირისპირდება ამხელა მასას”, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისივე თქმით, ის გუშინ აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო განხილვაშიც მონაწილეობდა.
“აღნიშნული კანონპროექტი ჩვენთვის მისაღებია, ერთადერთი მიუღებელი თემა არის ჩილიმ-ბარების და ე.წ.სიგარბარების თემა, სადაც კონკრეტული მინიშნება აქვს, რომ ეს არის კონკრეტულად ჩილიმისთვის და სიგარისთვის განკუთვნილი ბარი, სადაც არამწეველი არ უნდა შევიდეს. ამ ობიექტებისთვის საკმაოდ რთული იქნება ეს საკითხი. გუშინ ეს თემაც განიხილა საპარლამენტო განხილვაზე და დაგვეთანხმნენ, რომ ამ ხალხისთვის შეიძლება ლიცენზიები გაიცეს. თუმცა როგორ მოხდება მომავალში ეს, არ ვიცი”, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია ადმინისტრირების რეალური სახე დავინახოთ და კანონი სანამ შევა ძალაში, იყოს მძლავრი კამპანია, რადგან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან, როდესაც მიდის ახალგაზრდა მიმტანი და ეუბნება, რომ სიგარეტი არ უნდა მოწიოს, ეს კონფლიქტს წარმოშობს.