„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებული სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც უფრო მოქნილი იქნება და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტურს გახდის , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამართა.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ხდება სააგენტოს ტრანსფორმირება და ის იმუშავებს სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში.“ დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო გააერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს. შესაბამისად, ერთი ქოლგის ქვეშ სამი დამოუკიდებელი ბრენდის სახით განვითარდება „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი,“ „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია“.
„ჩვენი გეოგრაფიული ლოკაციიდან, ბიზნესგარემოდან, საკანონმდებლო ბაზიდან და საგადასახადო სფეროდან გამომდინარე, გვაქვს სერიოზული შანსები იმისთვის, რომ დიდი ეკონომიკების სავაჭრო ბრუნვა გადმოვიტანოთ ჩვენს მიმართულებაზე. ბოლო 4 წლის განმავლობაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში გვქონდა ზრდა, ასევე დღეს ექსპორტში გვაქვს 30% -იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზრები და მოთხოვნა სტაბილურდება. შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ყველა რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ექნება საკმაოდ ძლიერი ეფექტი წარმოების, ექსპორტის და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, ამაშია ამ კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების ძირითადი ფასეულობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, განახლებული, გაძლიერებული სააგენტო ახალი ძალებითა და განახლებული მენეჯმენტით დაიწყებს საქმიანობას. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უხელმძღვანელებს მარიანა მორგოშია, უწყების საქმიანობას კი კურირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გაუწევს.
რაც შეეხება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ სამ კომპონენტს - „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი“ - ეს კომპონენტი მუშაობას გააგრძელებს მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებულის გაფართოება/დივერსიფიცირებისთვის. აღნიშნული კომპონენტი იქნება მაქსიმალურად დინამიური და განვითარდება ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.
როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნა, ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ ქმნის ფრონტ-ოფისს, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის მეწარმეებს და უფრო გაამარტივებს წვდომას ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებზე. ფრონტ-ოფისი იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით - ეს იქნება ბიზნესჰაბი, რომელიც მეწარმეს ბიზნესის დასაწყებად საჭირო სრულ სერვისს შესთავაზებს და საშუალებას მისცემს მას, დაზოგოს დრო და რესურსები. მოგვიანებით ფრონტ-ოფისი შეუერთდება ბიზნესსახლს და მის ბაზაზე გააგრძელებს ფუნქციონირებას.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი“ - გაფორმებული ან მოლაპარაკებების პროცესში მყოფი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული ექსპორტისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართველ ექსპორტიორთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ახალ ბაზრებზე გასვლა და იქ თავის დამკვიდრება. ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება აქამდეც სააგენტოს ნაწილი იყო, თუმცა, დღეს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის დამოუკიდებელ კომპონენტად გამოიყოფა და მოხდება მისი თვისობრივად გაძლიერება. ეს კომპონენტი იქნება ერთგვარი მედიატორი ქართველ მეწარმეებსა და უცხოელ შემსყიდველებს შორის. ამის გარდა, მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ქართველი მეწარმეების ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უცხოურ ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ცალკეულ შემთხვევებში, სხვა მეწარმეებთან გაერთიანება საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად.
„აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია“ - განახლებულ სააგენტოში ერთიანდება Invest in Georgia. აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას უკვე არსებულ ინვესტორებთან და კონკრეტული პროექტების შეთავაზებას ახალი ინვესტორებისთვის. მისი ფუნქცია იქნება საქართველოს პოპულარიზაცია. ინვესტორებთან ურთიერთობა გადავა ხარისხობრივად ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე, განვითარდება ინვესტორებისთვის საქმიანობის დაწყების შემდგომი საკონსულტაციო მომსახურება.
ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს საელჩოებში სხვადასხვა ქვეყნებში. კომერციული ატაშეების საშუალებით შესაძლებელი გახდება საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისთვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქტით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში.