წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 577 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1708 მლნ აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1132 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 468 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 641 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 26 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 159 მლნ აშშ დოლარი იყო (44 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 481 მლნ აშშ დოლარი (21 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტშიც 28 პროცენტი და იმპორტშიც 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 26, 25 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში ასევე 28 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 751 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 35 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 205 მლნ აშშ დოლარი (59 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 546 მლნ აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 29, 28 და 29 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში 29 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (331 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (255 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (207 მლნ აშშ დოლარი).
2017 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 98 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 81 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 35 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-მარტში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 138 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 122 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 105 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).