”მრეწველებს” იმპორტის დაბეგვრის შეღავათიანი წესის გაუქმება სურთ

საქონლის დაბეგვრის შეღავათიანი პირობები, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობით, იმპორტის გარკვეულ შემთხვევებზე ვრცელდება, შესაძლოა, გაუქმდეს.

ამას "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც საპარლამენტო ფრაქციამ "ქართული ოცნება - მრეწველები" მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა.

"მრეწველები" კოდექსიდან იმ ნორმის ამოღების ინიციატივით გამოდიან, რომელიც საქართველოში საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს. კერძოდ, საქონლის დაბეგვრის შეღავათიანი პირობები უწესდებათ პირებს, რომელთა მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარს გადააჭარბებს. "მრწველთა" შეფასებით, ეს არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.

"ეს არაკონკურენტულ გარემოს ქმნის იმ პირთა მიმართ, რომელთაც ამ ოდენობის ბრუნვა არ გააჩნიათ. ასეთებში შეიძლება მოვიაზროთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ეს კი, ყოვლად გაუმართლებელია მაშინ, როცა ძალისხმევა საშუალო ფენის ფორმირებისკენ არის მიმართული. ასევე არაკონკურენტული გარემო იქმნება ადგილობრივ მწარმოებლებთან მიმართებაში, რადგან იმპორტიორი ადგილობრივ მეწარმესთან შედარებით უკეთეს პირობებში ექცევა – საქონლის იმპორტისას მეწარმეს შეუძლია დღგ-ს დაბეგვრის სპეციალური რეჟიმით ისარგებლოს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ე.წ. თავისუფალი ფული წარმოიშვება, ხოლო ადგილობრივი ნედლეულის შეძენისას პირი ასეთი რეჟიმით ვერ ისარგებლებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში, საქონლის ღირებულება მოიცავს დღგ-ს თანხას და, შესაბამისად, პირი დღგ-ს საქონლის შეძენისთანავე იხდის", - განმარტავენ "მრეწველები".