საქართველოსა და მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში ტურიზმის დარგის გერმანელი ექსპერტის სილვია ბარბონეს საინფორმაციო ლექცია გაიმართა.
როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, 2017 წელი ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად დასახელდა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარტნიორებთან ერთად უერთდება ამ ინიციატივას, რის გამოც წლის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობები. საქართველოსა და მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი ორგანიზებით საქართველოში ჩამოვიდა ტურიზმის დარგის გერმანელი ექსპერტი სილვია ბარბონე. მისი ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ოზურგეთში.
სილვია ბარბონეს საინფორმაციო ლექცია დღეს ქუთაისში გაიმართა, რომლის მთავარი თემაც ტურიზმის მდგრადი განვითარება იყო. სილვია ბარბონე ტურიზმის დარგში საერთაშორისო ექსპერტია. მას აქვს ძირფესვიანი ცოდნა ევროპული ტურიზმის, კულტურული, სოციალური მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ. ის არის ევროპული მდგრადი ტურიზმის ფონდის (FEST) დამფუძნებელი. საინფორმაციო ლექციას ქუთაისში პალატის წევრი 50-მდე ბიზნესმენი დაესწრო, რომელთა მთავარი საქმიანობის სფერო ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესია.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ერთ-ერთი მიმართულება ტურიზმის მიმართულებით პროფესიული განათლების განვითარება და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობაა.