დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს, პოლ რომერს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა წარმოადგენს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მმართველობის რეფორმაზე, აგრეთვე გადახდისუნარიანობის კანონმდებლობის შემუშავებაზე, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის რეფორმებით და გამოთქვა ინიციატივა, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა მათი შემუშავების პროცესში. აღნიშნული საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობაზე.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი ავტორიტეტული რეიტინგის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ ჯგუფის ხელმძღვანელია. ამდენად, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე“.

უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

პოლ რომერი მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ეკონომისტია, რომელიც თავის დროზე მოღვაწეობდა ნიუ-იორკისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. რომერი არის ენდოგენური ზრდის თეორიის ფუძემდებელი.