თურქული კომპანია NATA Holding საქართველოში ქარხნის გახსნას გეგმავს

საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

როგორც საპარტნიორო ფონდი იუწყება, NATA Holding თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ფლობს რამდენიმე ქარხანას, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება.

მემორანდუმს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და NATA Holding-ის წარმომადგენელმა საქართველოში ჯან თექინ ილდირიმერიმ მოაწერეს ხელი.

„თურქეთი ჩვენი მეგობარი და მთავარი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, კიდევ უფრო მიხარია, რომ დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ NATA Holding-თან. იგი ძლიერი თურქული კომპანიაა, დიდი გამოცდილებით და მასთან თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე. მხარეები შეისწავლიან NATA Holding-ის პორტფელში შემავალ ქარხნებს და მათ საწარმოო ხაზებს და საქართველოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ერთ-ერთი მათგანის ანალოგის საქართველოში განხორციელებაზე იმუშავებენ.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, NATA Holding თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც რამდენიმე ქარხანას ფლობს, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება. NATA Holding- თურქეთის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.