გარევაჭრობა დიდუბის ტერიტორიაზე ისე მოწესრიგდება, როგორც თბილისის სხვა უბნებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა მეტრო ”დიდუბის” მიმდებარედ ერთ-ერთი ბაზრობის მოვაჭრეების აქციასთან დაკავშირებით. გარემოვაჭრეები მერისგან ითხოვენ, აიკრძალოს გარევაჭრობა დიდუბის ტერიტორიაზე ისევე როგორც ეს თბილისის სხვა ტერიტორიებზე მოხდა. აქციის მონაწილეები ასევე, მერიისგან მოსაზღვრე ბაზრობასთან კედლის დემონტაჟს მოითხოვენ. თბილისის მერის განცხადებით, გარევაჭრობის მოწესრიგებაზე მერია აქტიურად მუშაობს და ამ კუთხით კვლავ გააგრძელებს საქმიანობას. შესაბამისად, დიდუბის ტერიტორიაზე, ისე როგორც სხვა ტერიტორიებზე, გარევაჭრობა მოწესრიგდება.
”რასაკვირველია, დიდუბის ტერიტორიაზე გარევაჭრობა ისევე მოწესრიგდება, როგორც სხვა ადგილებში - მეტრო ”მარჯანიშვილის” მიმდებარედ და სხვა ტერიტორიებზე. მნიშვნელოვანია, რომ ცივილურად ვივაჭროთ. ვაჭრობა, ერთი მხრივ, იყოს ლეგალიზებული, მეორე მხრივ, დაცული იყოს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები, რომელსაც პერიოდულად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამოწმებს. დიდუბის ტერიტორიაზე ვაჭრობაც აუცილებლად ამ წესებში მოექცევა.
რაც შეეხება ჭიშკრის გახსნას, ეს ორ კომპანიას შორის მიმდინარე დავაა. თბილისის მერია ამ საკითხებში ჩართულია, თუმცა მისი აღსრულება დადგენილი წესით და ნორმით უნდა მოხდეს, ამ საკითხზეც მიმდინარეობს მუშაობა”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.