19 ათასზე მეტი კონტეინერია ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული, ამიტომაც ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ნარჩენები კონტეინერებში მოათავსოს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელმაც ქალაქში ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით დღეიდან ამოქმედებულ ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქუჩაში ნაგვის დაყრის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ ინსპექტორები მოსახლეობას აქტიურად აფრთხილებდნენ. შესაბამისად, დღეიდან კანონდამრღვევი პირები 50-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ნარმანიამ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან სისუფთავე.
„ყველამ უნდა დავიცვათ სისუფთავე თუ გვინდა, რომ მართლაც მოწესრიგებულ და სუფთა ქალაქში ვცხოვრობდეთ. დღეიდან ამოქმედდა ჯარიმები. 50-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან სამართალდამრღვევი პირები, რომლებიც ქუჩაში უკანონოდ გადაყრიან ნარჩენებს. 19 ათასზე მეტი კონტეინერია ქალაქში სხვადასხვა ადგილას განთავსებული, ამიტომაც ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ნარჩენები კონტეინერებში მოათავსოს. ოპერატიულად ხდება მომსახურება. ძალიან კარგად მუშაობს „თბილსერვისი“, მაგრამ მხოლოდ „თბილსერვისის“ მუშაობასა და ჩვენს აქტიურ ქმედებებზე ვერ იქნება დამოკიდებული ქალაქის სისუფთავე. ყველამ უნდა დავიცვათ სისუფთავე. არ დავანაგვიანოთ ქალაქი. ასე რომ, საინფორმაციო კამპანია ჩატარებულია. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ის აუცილებლად დაჯარიმდება“, - განაცხადა ნარმანიამ.