დოლარის კურსი ძირითად ვალუტებთან დაეცა

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დოლარის კურსმა ძირითადი ვალუტების კალათთან მიმართებაში დაიწია. კლებას ხელი შეუწყო ევროსა და გირვანქა სტერლინგის სიმყარემ.

ყველაზე მეტად ამერიკული ვალუტა ახალზელანდიურ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, რასაც ხელი იმ ფაქტმა შეუწყო, რომ კივის ქვეყანაში ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს მიაღწიეს, რაც ბოლო ხუთ წელიწადში პირველად მოხდა. ეს გარემოება იმის წინაპირობას ქმნის, რომ ახალი ზელანდიის ბანკმა თავის ვალუტაზე საპროცენტო განაკვეთი ასწიოს, რაც მის სიმტკიცეს განაპირობებს.

სავალუტო ბაზრის ყურადღება ამჟამად ყველაზე მეტად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ არის მიპყრობილი. ასეთ სიტუაციაში, ევრო-დოლარის წყვილის ძლიერი მერყეობაა მოსალოდნელი. იმის მიუხედავად, რომ წინასწარი გამოკითხვებით, გამარჯვების შანსს ინარჩუნებს როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე კანდიდატი, ევრომ ამ კვირაში დოლართან წყვილში 1.3 პროცენტით მოიმატა და 1.0775-ს მიაღწია, თუმცა შემდეგ კლება დაიწყო და ამ მომენტისთვის 1.0756-მდე ჩამოვიდა.

სავალუტო ინვესტორები თვლიან, რომ დოლართან ევროპული ვალუტის ასეთი გამყარება, დოლარის შედარებითი სისუსტის შედეგია. ამას კი ის ფაქტორი იწვევს, რომ ტრამპის მიერ შეპირებული საგადასახადო რეფორმის დაწყება გაჭიანურდა და ბაზარსაც იმის ეჭვი გაუჩნდა, რომ ამერიკის ეკონომიკის ზრდის პროცესი შეფერხდება.

Barclays-ის ცნობილი სტრატეგი ჰემიშ პეპერი თვლის, რომ წლის ბოლომდე დოლარი კიდევ გამყარდება, თუმცა მისივე აზრით, ამერიკულ ვალუტას პიკი თითქმის მიღწეული აქვს. ძნელი სათქმელია, ამ ორი ვალუტის კურსი გათანაბრდება თუ არა, მაგრამ აშკარაა, რომ ამ წლის დასაწყისში მინიმუმის (1.0334) დაფიქსირების შემდეგ, დოლარი ნელა, მაგრამ სტაბილურად თმობს პოზიციებს. და მაინც, ინვესტორთა შეფასებით, ეს მხოლოდ კორექციული მოძრაობაა.

სავალუტო ბაზრის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), ევროზე საპროცენტო განაკვეთს გაზრდიდა, არ გამართლდა. მაგრამ „როიტერის“ გამოკითხვა აჩვენებს, რომ ECB მალე ობლიგაციების ყოველთვიური შესყიდვების მოცულობას შეამცირებს. და როგორც კი პოლიტიკური რისკები შემცირდება, ბანკი კურსს შეიცვლის.