ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით, დღის განმავლობაში 1-ლი საჯარიმო ოქმი უკვე დაიწერა და 80 ლარიანი ჯარიმით იორდანიის მოქალაქე დაჯარიმდა. აღნიშნული ფულადი სანქცია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზეა გათვალისწინებული.
ცნობისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეების დაჯარიმება დღეს დაიწყეს.
ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით;
2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი;
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას);
ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარი;
ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარი;
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი.