ჩინოვნიკის მიერ პერსონალური სამსახურებრივი ავტომობილის თუ კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლება მის პირად გემოვნებაზე დამოკიდებული არ იქნება - მას ამ მიზნით სახელმწიფო ტენდერის გამოცხადება მოუწევს.
პარლამენტი პირველი მოსმენით, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას იხილავს, რომლის თანახმად, ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ელექტროდანადგარის ჩანაცვლება იმავე ან გაუმჯობესებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით და ელექტროდანადგარით შესაძლებელი იქნება სატენდერო შესყიდვის მეშვეობით. ასეთ შემთხვევებზე გამარტივებული შესყიდვების შესაძლებლობა უქმდება.
”დღეს ჩინოვნიკს საშუალება აქვს დაიწუნოს ”ფოლკსვაგენი” და გადაჯდეს ”მერსედესზე” ან ”ტოიოტაზე”, ასევე, აქვს საშუალება დაიწუნოს Apple-ის კომპიუტერი და შეიძინოს ”სონი”. ბოლო გახმაურებელი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილება იყო, რომელთაც სამსახურებრივი მანქანები ჩაანაცვლეს. ამას სამოქალაქო საზოგადოებაში საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა. კანონი საშუალებას იძლევა, ჩინოვნიკს, რომელსაც ძველი მანქანა დახვდება, ახალი მანქანით ჩაანაცვლოს”, - განმარტა ქუცნაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.