ავტოიმპორტიორი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ამის მიზეზი 2017 წლიდან მსუბუქი ავტომობილების გარკვეულ კატეგორიაზე აქციზის ზრდაა.
როგორც კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი, ელგუჯა ჯამაგიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბოლო დროს მათ კომპანიას შეკვეთები 80%-ით შეუმცირდა.
„შეკვეთები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. უშუალოდ ჩვენს კომპანიაში შეკვეთა 80%-ით შემცირდა. მოქალაქეები, რომლებიც მანქანის გამოცვლასა და განახლებაზე ფიქრობდნენ, ახლა გაჩერებული არიან. ასე თუ გაგრძელდა, საქართველოში ავტოპარკი ვეღარ განახლდება. ცოტა ხანი მოითმინეთ და ნახავთ რა დონემდე დავა ის მანქანები, რომელიც ქალაქში მოძრაობს,“- აცხადებს ჯამაგიძე.
იმპორტიორი კომპანიებისგან განსხვავებით რუსთავის ავტობაზრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ადილობრივ ბაზარზე არც ფასები შეცვლილა და მოთხოვნაც დაახლოებით იმ დონეზეა, როგორც წინა წლებში იყო. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე არსებული ავტომობილების რეალიზაცია ხდება.
ბაზარზე მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობს "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. ვასო ურუშაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეს ძირითადად მხოლოდ მარჯვენასაჭიან ელექტრომობილებზეა მოთხოვნა, რადგან მათი განბაჟება ნულოვანია.
მისივე თქმით, ფასების თვალსაზრისით მართალია ჯერ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ავტომობილების გარკვეულ კატეგორიებზე გაძვირების ტენდენცია მაინც შეინიშნება.
„ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა. იმპორტიორი კომპანიები ამბობენ, რომ შეკვეთები 70-80%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე არსებული ავტომობილების გაყიდვა ხდება. აქედან გამომდინარე, ფასების თვალსაზრისით ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ გაძვირების ტენდენცია მაინც შეინიშნება. მაგალითად, წინა წელთან შედარებით უკვე გაზრდილია იმ ავტომობილების თვითღირებულება, (თუნდაც ჰიბრიდული ავტომობილების) რომლებზეც დიდი მოთხოვნაა,“-აღნიშნა ურუშაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით კი, 2017 წლიდან ავტომობილებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი თანხობრივ გამოსახულებაში იზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 4 მილიონი დოლარით გაიზარდა. გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 105 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როცა 2016 წლის იანვარ-მარტში იმპორტმა 101 მილიონი დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.