საქართველოში ბოლო თვეებში ჯართი ერთბაშად გაძვირდა, თუმცა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასმა 50%-ით მოიმატა, ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ ყველგან ჯართის დეფიციტია.
ბოლო მონაცემებით, 1 კგ ჯართი მიმღებ პუნქტებში 38 თეთრი ღირს, ხოლო კერძო შემგროვებლები მოსახლეობისგან დაახლოებით 25 თეთრად იბარებენ. მიმღები პუნქტები და კერძო პირები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც ბოლო წლებში ამ ბიზნესს უკავშირდება. შავი ლითონის შემგროვებელთა უმრავლესობამ საქმიანობას უკვე თავი მიანება, კომპანიებმა კი პროფილი შეიცვალეს.
რაც დრო გადის, ქვეყანაში ჯართის მარაგი იწურება. რამდენიმე თვის წინ პუნქტებში 1 კგ ჯართს 20 თეთრად, ხოლო 1 ტონას 200 ლარად იბარებდნენ. ორი წლის წინ კი მისი ღირებულება 150 ლარს არ აღემატებოდა. წელს ვითარება შეიცვალა, ფასმა მკვეთრად მოიმატა, 1 კგ 38 თეთრად ფასობს, თუმცა მისი მიღება გაჭირდა.
შავი და ფერადი ლითონის ნაკლებობაზე საუბრობენ ჯართის შემგროვებლები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა "რეზონანსს" განუცხადა, შარშანდელთან შედარებით, ჯართი ძნელად იშოვება, რაც ფასზეც აისახა.
"რაოდენობა ნამდვილად შემცირებულია. წინა წელს ერთი უბნიდან კვირის განმავლობაში რამდენიმე ასეული კილოგრამი ჯართი თავისუფლად გამოგვქონდა, წელს მისი შეგროვება ძალიან გვიჭირს. ფასმაც ამის გამო მოიმატა, რადგან რაოდენობრივად აღარ არის ლითონი. ახლა 1 კგ ჯართის ფასი მიმღებ პუნქტებში 38 თეთრია, ჩვენ ადგილზე 20-25 თეთრად ვიბარებთ. მისი შეგროვება ძალიან გვიჭირს", - განაცხადა სერგო ბაირამოვმა.
ჯართის ბიზნესმა საქართველოში პოპულარობა დაკარგა, რის გამოც ჩამბარებელმა პუნქტებმა რამდენიმე თვეა პროფილი შეცვალეს. მათ შორისაა "ჯორჯია ვეისტ მენეჯმენტი", რომლის ხელმძღვანელიც აღნიშნავს, რომ ლითონის სიმცირის გამო, კომპანია ბოლო დროს მხოლოდ მაკულატურას იბარებს.
"წლებია ამ ბიზნესში აქტიურად ვიყავით ჩართული. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ კარგი შემოსავალიც გვქონდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ პროფილი შევიცვალეთ და ახლა მხოლოდ მაკულატურას ვიბარებთ. მიუხედავად იმისა, რომ წელს ჯართის ფასი გაზრდილია, მისი მოპოვება გართულდა. წაგებაზე მუშაობას სხვა კუთხით განვითარება ვამჯობინეთ", - განუცხადეს "რეზონანსს" "ჯორჯია ევისტ მენეჯმენტში".
მოსახლეობისგან შესყიდული უვარგისი ტექნიკის რაოდენობაც დღითიდღე იკლებს. ამ ყველაფრის გამო ჯართის შემგროვებლებს მთელი დღის ნამუშევრისგან მინიმალური თანხა რჩებათ. ერიკ ტატევოსიანი, რომელიც წლებია ამ საქმიანობას ეწევა, ამბობს, რომ მის ბიზნესს საფრთხე ემუქრება.
"უბნიდან უბანში დავდივართ და ასე ვაგროვებთ ჯართს, ლამის მთელი თბილისის მასშტაბით. საწვავიც ცალკე ხარჯია, ჭამაც ხომ გვინდა. ფაქტობრივად, პურის ფულს ვშოულობთ. მთელი დღის მუშაობის შემდეგ ქანცგაწყვეტილი შევდივარ სახლში და ხშირად დღიური ფულიც ვერ მიმაქვს. გამოსაყენებლად უვარგის ტექნიკას - გაზქურებს, მაცივრებს, გამათბობლებსა და გაფუჭებულ ნივთებს ვიბარებთ. 1 კგ ჯართის შესასყიდი ფასი 25 თეთრი გახდა, მაგრამ არ არის ბევრი.
ადრე 1 ტონა ჯართს მაინც ვაგროვებდით ყოველდღიურად, ახლა 500 კილოგრამამდე ძლივს ავდივართ. დაუღალავად ვშრომობთ, მაგრამ უკვე აღარაფერი რჩება. ბიზნესი საფრთხის წინაშეა და შესაძლოა, მომავალში აღარც იარსებოს. ვიცნობ ისეთ ხალხსაც, რომლებიც ადრე კარგად მუშაობდნენ, კარგი შემოსავალიც ჰქონდათ, თუმცა წელს იმდენად გაუჭირდათ, საქმიანობას ჩამოშორდნენ", - განუცხადა "რეზონანსს" ჯართის შემგროვებელმა ერიკ ტატევოსიანმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"